რუსეთი ემზადება უკრაინაში ამბოხებულებს მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები გადასცეს, Reuters-ის ცნობით ამის შესახებ პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმისა, რომ რუსები ემზადებიან უკრაინაში ამბოხებულებს მსხვილკალიბრიანი, გაცილებით რთული სისტემები გადასცეს უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ უორენმა, ასევე დასძინა, რომ იარაღის კალიბრი 200 მილიმეტრი იქნება.
მისივე განმარტებით, იარაღი უკვე მიემართება უკრაინის საზღვრებისკენ, გადაცემა კი შესაძლოა დღესვე შედგეს, „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შეუძლიათ ეს იარაღი ნებისმიერ დროს გადასცენ“.
აშშ-მ რუსეთს არაერთხელ დასდო ბრალი უკრაინის ტერიტორიაზე ამბოხებულებისათვის ხელშეწყობაში. ოფიციალური მოსკოვი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს, ამბოხებულები კი აცხადებენ, რომ იარაღი, რომელიც მათ გააჩნიათ, უკრაინის არმიას მიეკუთვნებოდა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






