ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანამ „შავ სიაში“ რუსეთის ფედერაციის სამი მომღერალი და საზოგადო მოღვაწე შეიყვანა. ესენი გახლავთ: იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და ასევე ალა პერფილოვა, იგივე ვალერია.
გარკვეული დროის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შავ სიაში“ ქვეყანას შეყავდა ისეთი ადამიანები, რომლებიც აგრესიულად გამოხატავდნენ საკუთარ მხარდაჭერას რუსეთის ფედერაციის ფარგლებში ყირიმის მიერთების საკითხთან დაკავშირებით.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ „შავ სიაში“ შეყვანილი პირები ლატვიის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ ქვეყნის დატოვებას მოსთხოვენ. რინკევიჩის განმარტებით, მსგავს შემთხვევაში სამართალდამცავების გამოყენება აუცილებელი არ იქნება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირას იურმალაში კონკურსი „ახალი ტალღა“ იწყება. 23 ივლისს კი კობზონის საღამო იყო ჩანიშნული, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ მრავალი ლატვიელი და რუსი საზოგადო მოღვაწე.
2003 წელს ლატვიამ ერთხელ უკვე შეიყვანა კობზონი „შავ სიაში“ „ქვეყნის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის საშიშროების“ ბრალდებით. თუმცა, 2004 წელს ქვეყნის შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა ეს ყოველივე გააუქმა, რის შემდეგაც კობზონი თავისუფლად სტუმრობდა ლატვიას.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






