რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია განიხილეს, მათ შორის დონეცკის ოლქში ჩამოვარდნილი „ბოინგ 777“-ის საკითხიც. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. ლიდერების საუბრის შესახებ კანცლერის პრესსამსახრურიც იუწყება.
„ორივე მხარე თანხმდება, რომ უნდა მოხდეს მომხდარი კატასტროფის დეტალური და ობიექტური გამოძიება. მერკელმა გამოხატა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის მეთვალყურებითა უნდა წარიმართოს, ასევე მასში ჩართული უნდა იყოს ყველა დაინტერესებული მხარე. გერმანიის კანცლერმა პოზიტიურად შეაფასა რუსეთის ფედერაციის მზაობა გაგზავნოს საკუთარი წარმომადგენელი გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად“, მოჰყავს ციტატა „ინტერფაქსს“
ასევე, კრემლის პრესრელიზში ნათქვამია: „ხაზი გაესვა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტერორისტების მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას“.
სააგენტო Reuters-ს კი მოჰყავს გერმანიის კანცლერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მერკელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პუტინს გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება ტერორისტებზე, მშვიდობის სწრაფი აღდგენისათვის.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






