რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების სია აშშ-ს 12 მოქალაქით გააფართოვა. ამის შესახებ ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ალექსანდრ ლუკაშევიჩის კომენტარს მოიცავს.
სანქციების სიაში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც გუანტანამოს ციხეში პატიმრების წამებაში იღებდნენ მონაწილეობას, ციხეში რომელიც განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებსაც ტერორიზმში მონაწილეობაში ედებათ ბრალი. სიაში შევიდნენ ასევე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც აბუ-გრეიბის ციხის პატიმრებს შეურაცხჰყოფდნენ ერაყში ან სამხედროები, რომლებიც ჩადენილ დანაშაულებს მალავდნენ.
სიაში მოხვდა კონტრ-ადმირალი რიჩარდ ბატლერი, რომელიც გუანტანამოს ბაზაზე ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელსაც სპეციალური საპატიმრო ექვემდებარებოდა, ასევე კოლუმბიის საოლქო სასამართლოს უფროსი მოსამართლე გლედის კლესსლერი, რომელმაც გუანტანამოს ციხეში შიმშილობის ძალისმიერი მეთოდით შეწყვეტა კანონიერად სცნო.
სიაში ათი ყოფილი და მოქმედი სამხედრო პირი მოხვდა, რომლებიც აბი-გრეიბის ციხეში პატიმართა უფლებებს არღვევდნენ - გენერალ ლეიტენანტ რიკარდო სანჩესიდან დაწყებული რიგითი ლინდა ინგლანდით დამთავრებული.
„როგორც აშშ-ში, ჩვენი სანქციების სიაც ღია რჩება. გასულ წელს გამოქვეყნდა „გუანტანამოს სია“ რომელიც 18 გვარს მოიცავდა, რაც „მაგნიტსკის სიის“ საპასუხო იყო. ამჯერადაც ჩვენ ანალოგიურად მოვიქეცით - სიმეტრიულად შევიყვანეთ 12 ადამიანი“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
დიპლომატის განცხადებით, მას შემდეგ რაც ვაშინგტონში „შავ სიაში“ დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი შეიყვანეს, მოსკოვმა აუკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრს ჯიმ მორანს, „რომელიც არაერთხელ იქნა დადანაშაულებული ფინანსურ მაქინაციებში, თუმცა, თითოეულ ჯერზე გაექცა პასუხისმგებლობას“.
ლავროვის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის მხრიდან სანქციების ახალი ტალღა „აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






