იტალიის სააპელაციო სასამართლომ დღეს სილვიო ბერლუსკონი „რუბის საქმეზე“ გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდების მხარეს კვლავ შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ forbes ავრცელებს.
მილანის სასამართლომ 2013 წელს ბერლუსკონის „რუბის საქმეზე“ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯ, მას ასევე სამუდამოდ აეკრძალა დაიკავოს იტალიაში მაღალი თანამდებობები.
საქმეზე გამოძიება 2010 წელს დაიწყო. მაშინ გაირკვა, რომ ბერლუსკონიმ, რომელიც პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, პირადად დარეკა მილანის სამართალდამცავ ორგანოში და მოითხოვა გაეთავისუფლებინათ ქურდობისთვის დაკავებული არასრულწლოვანი კარიმ ელ-მარუგი, მეტსახელით რუბი.
გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა უსმენდა ბერლუსკონის მეგობრებისა და ახლობლების სატელეფონო საუბრებს და გამოამჟღავნა სისტემა. ბერლუსკონი მილანში საკუთარ ვილაში მსუბუქი ყოფაქცევის გოგონებით პოლიტიკოსებს „უზრუნველყოფდა“.
ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 2011 წელს დაიწყო. გამოძიება მას ბრალს სდებდა რუბისთან ინტიმურ ურთიერთობაში, გოგონა არასრულწლოვანი იყო, სანაცვლოდ კი გოგონა საჩუქრებსა და მატერიალურ უზრუნველყოფას იღებდა.
ბერლუსკონიმ აღიარა, რომ მან რუბის 45 ათას ამერიკულ დოლარად შეფასებული სილამაზის სალონი მფლობელობაში გადასცა, თუმცა უარყო, რომ მათ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ბერლუსკონის განცხადებით, იგი რუბის ფულს აძლევდა, რათა პროსტიტუციისგან გადაერჩინა, იმიტომ,რომ მისი ისტორიით შეძრული იყო.
2013 წელს ამ საქმეზე კომენტარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. „ბერლუსკონის ახლა ასამართლებენ იმისთვის, რომ ქალებთან ერთად ცხოვრობს. ის რომ ჰომოსექსუალი იყოს, მას თითითაც არავინ შეეხებოდა“, - თქვა ღიმილით პუტინმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






