ახალი ეტაპი მომდევნო არჩევნებიდან დაიწყება და ის, ახალ პოლიტიკურ ძალასთან იქნება დაკავშირებული - ნიკოლოზ ვაშაკიძე
პოზიცია - 14:36, 17 Jul, 2014     5428
,,ნიუპოსტი“ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ექსპერტ ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

_ბატონო ნიკოლოზ, დავიწყოთ აქედან, ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს შეიძლება ვუწოდოთ თუ არა საეტაპო - გარკვეული ფაზის დასასრული და ახლის დასაწყისი? ვგულისხმობ ჩატარებულ სამ არჩევნებს, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ სრულად აკონტროლებს ხელისუფლებას, როგორც ცენტრში ასევე ადგილებზე, ხოლო ყოფილი ხელისუფლება სახელისუფლო კომპონენტებისგან სრულად გათავისუფლდა და შიშველი ოპოზიციური ძალის სახე მიიღო.

_სიტყვა „ახალი“ აღარ გამოდგება. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის უკვე მეორე წელს ასრულებს. მას თავისი ვადის თითქმის ნახევარი აქვს განვლილი, ასე რომ ის ახალი ხელისუფლება ნამდვილად აღარაა. ვერ გავიზიარებ იმ აზრსაც, რომ თითქოს საპრეზიდენტო, ან ადგილობრივმა არჩევნებმა რაიმე ახალ ეტაპს დაუდეს სათავე. მმართველ პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყნის სამართავად საკმარისზე მეტი უფლებამოსილება და ბერკეტები გააჩნია. ასე, რომ თუ განსხვავებულ ფაზაზე ან ეტაპზე გვაქვს საუბარი, ის 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო.

_თუ გადავავლებთ თვალს დამოუკიდებლელი საქართველოს ე.წ. საარჩევნო ისტორიას, რა აჩვენა ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა - განიცადა პროგრესი თუ ახალი ხელისუფლებაც წინამორბედების მსგავსად განიცდის გამბედაობის დეფიციტს თავისუფალი არჩევნების ჩატარებისას?

_სუფთა არჩევნების ჩატარება საქართველოში ვერა და ვერ ხერხდება. არადა ეს საკითხი აუცილებლად მისახედია. არჩევნების პროცესში ტრადიციად ქცეული მაქინაციები და ძალადობა სახელს უტეხს ჩვენს ქვეყანას და უჩენს მოსახლეობას უნდობლობას დემოკრატიის მიმართ. საქართველოს ამომრჩეველმა ვერა და ვერ იგრძნო სრულად, რომ ის რეალურად არის ხელისუფლების წყარო და ქვეყნის ბედის გამგებელი. ეს ხელს უწყობს აპათიას და სოციალურ პასიურობას, რაც, სინამდვილეში, ძალზედ სახიფათოა, ვინაიდან კრიტიკულ მომენტებში გადადის რევოლუციურ პროცესებში. კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოდან წლების მანძილზე მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, ამომრჩეველთა ოფიციალური რაოდენობა კი 1990 წლის არჩევნების მონაცემებისგან ბევრად არ განსხვავდება. იოლად გასაგებია თუ რასთან გვაქვს აქ საქმე. ვფიქრობ, აუცილებელია ამ საკითხის გარშემო შედგეს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია, რომელიც შეიმუშავებს სოლიდურ პროგრამას ამ საკითხის შესასწავლად, გამოავლენს იმ ტიპიურ მექანიზმებს, რითიც ხდება არჩევნების გაყალბება, შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად, წარუდგენს მათ ხელისუფლებას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და, რა თქმა უნდა, მოახდენს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით, რათა ეს რეკომენდაციები რეალურად იქნეს გაზიარებული.

_ადგილობრივ არჩევნებში აქტივობის დაბალი მაჩვენებელი, მცირედი განსხვავება იყო საპრეზიდენტო არჩევნებში, სხვა წინა არჩევნებთან შედარებით. ზოგადად აქტივობის ხარისხის კლება, რის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს? ხელისუფლება ამას დემოკრატიულობის ინდიკატორად იყენებს, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ამას რეალობაში არ ეთანხმებიან, ოპოზიცია როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ამას არ უკავშირებს დემოკრატიულ არჩევნებს და ამის მიზეზად ხელისუფლებისადმი და ოპოზიციურ ფორმატში „ნაციონალური მოძრაობისადმი“ საზოგადოების ნდობის ხარისხს ასახელებს. თქვენ როგორ შეაფასებთ?

_პასუხი მარტივია: მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ ენდობა არც სახელისუფლებო კოალიციას და არც ძირითად ოპოზიციურ ძალას. ასე რომ, თუ რაღაც ახალ ეტაპზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს სიტუაცია ქმნის ახალი ეტაპის წინაპირობას, რომელიც მომდევნო არჩევნებიდან დაიწყება, და ეს ახალი ეტაპი ახალ პოლიტიკურ ძალასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც აუცილებლად მოვა.

_ძალიან ბევრის მოლოდინი 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ სრულად გაკოტრებასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაზე, შეიძლება ითქვას, რომ მცდარი აღმოჩნდა, როგორა თქვენი მოსაზრება? „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩატარებულ ყველა არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებლის რყევა 22-25-28 პროცენტს შორის და ბოლოს უკვე მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა, შეიძლება ითქვას თუ არა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ქართული პოლიტიკის ძველი გამოცდილების უკუგდება - ყოფილი სახელისუფლო პარტიები ქრებიან პოლიტიკიდან.

_არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს მიერ ჩამოთვლილი პროცენტები აღებულია არჩევნებზე მისული ხალხის რაოდენობიდან. თუ გავითვალისწინებთ თქვენს მიერ აღნიშნულ ამომრჩევლის პასიურობას და იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა ამ არჩევნებზე თავიანთი მხარდამჭერების პრაქტიკულად სრული მობილიზაცია, ეს პროცენტები ამომრჩეველთა მთლიან რაოდენობასთან მიმართებაში საგრძნობლად მცირდება. ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული პრობლემები აქვს. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება და პოლიტიკურ ველში დარჩენა რაც, ზოგადად, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, პოზიტიური მოვლენაა. იმ ადამიანების პათოსი, ვინც მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ველიდან ამოგდებისკენ, მხოლოდ მათ პოლიტიკურ უმწიფრობაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ყოფილ მმართველ პარტიასთან ყველას უამრავი და სამართლიანი პრეტენზია გვაქვს, მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლების მეტნაკლებად ძლიერი და ლეგიტიმური ოპოზიციის გარეშე დარჩენა უაღრესად საზიანო და სახიფათოც კი იქნებოდა ქვეყნისთვის და დემოკრატიისათვის.

_სანამ საგარეო პოლიტიკაზე გადავალთ, აუცილებლად მინდა შეგეკითხოთ, ერთი შეხედვით, გარკვეული პრაქტიკა ჩამოყალიბდა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ - „ნაციონალური მოძრაობა“, მარცხის შედეგად აღმოჩენილი უმძიმეს მდგომარეობაში, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად იდეოლოგიური მოტივით, და ძირითადად საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში, პროდასავლური ძალების მაკონსოლიდირებელ ძალად წარმოჩენას ცდილობს, ვგულისხმობ, იმ პირობებისთვის საკმაოდ სოლიდური აქცია-მიტინგის ჩატარებას რუსთაველზე, რომლის პასუხმაც არ დააყოვნა, იყო თუ არა დამთხვევა, არ ვიცი, მაგრამ შედეგად იქნა ვანო მერაბიშვილი დაპატიმრებული, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ დაპატიმრებებზე, რომელიც კანონსა და პოლიტიკურ მოტივს შორის ზღვარზე გადის, იგივე მეორდება ახლაც. ხელისუფლების მხრიდან ,,დაპირებული 5%-იანი“ პოლიტიკური ძალა ახერხებს მეორე ტურში გასვლას, რასაც შედეგად მოჰყვა გიგი უგულავას დაპატიმრება. შეიძლება თუ არა მთელი ეს ჯაჭვი შეფასდეს პოლიტიკური დატვირთვის მქონე სამართლებრივ დევნად?

_ეს გაცილებით უფრო ღრმა პრობლემაა ვიდრე წარმოგვიდგენია, ეს საქართველოს ყველა ხელისუფლების პრობლემაა და მთელი ჩვენი საზოგადოების. ყოველი ახალი ხელისუფლება, რომელიც მოდის საქართველოს სათავეში თავის პოლიტიკურ მიზნებს პირველ მსხვერპლად ტრადიციულად კანონის უზენაესობის პრინციპს წირავს. გაორება დეკლარირებულ და რეალურ მიდგომას შორის კანონის უზენაესობის პრინციპის მიმართ, როგორც პოლიტიკურ კლასში, ასევე, ფართო საზოგადოებაში, გაცილებულია იმ დაუშვებელ ზღვარს, რომლის იქითაც ნორმალური სახელმწიფოებრიობა შეუძლებელია. სწორი და კეთილი მიზნები უკანონო მეთოდებით არ მიიღწევა. სწორი მიზნის მისაღწევად ჩადენილი უკანონობა რყვნის ხელისუფლებას და, საბოლოო ჯამში, აქცევს მას ბოროტ ძალად. ამ გზის გამართლება არანაირი „ხალხის დაკვეთით“ არ შეიძლება. კარგად გვახსოვს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ ე.წ. „ხალხის დაკვეთა“ იყო ქვეყანაში გამეფებული ტოტალური კორუფციის აღმოფხვრა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ ნაქურდალი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნება. ამ მომენტში პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ხელისუფლება არ აჰყოლოდა ცდუნებას და „ხალხის დაკვეთაზე“ დაყრდნობით, ეს პროცესი კავალერისტული და სამართლებრივი თვალსაზრისით, საეჭვო მეთოდებით არ განეხორციელებინა. რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტი დრო და მოთმინება დასჭირდებოდა, მაგრამ შევინარჩუნებდით მთავარ საუნჯეს - კანონის უზენაესობას. სამწუხაროდ, მოხდა პირიქით. და რა მივიღეთ შედეგად? გაუგო რა კორუფციონერებისგან ფულის ჯოხით სწრაფად ამობერტყვის გემოს, ხელისუფლებამ შემდგომ ეს პრაქტიკა უკვე ზოგადად მთელს ბიზნესსამყაროზე გადაიტანა. კეთილი მიზნები ჩაანაცვლა პირადი გამდიდრების ინსტიქტმა, მისგან გამომდინარე ყველა სიმახინჯით. მარტო ე.წ. „ღამის ნოტარიუსების“ ინსტიტუტის ჩამოყალიბება რად ღირს. „კეთილი მიზნებისთვის“ კანონის უზენაესობის მსხვერპლად შეწირვის სავალალო შედეგი მალევე მთელმა მოსახლეობამ საკუთარ კისერზე იგრძნო, რადგან მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ სამართლის უზურპირება ნიშნავს იმას, რომ ცალკეული მოქალაქის ბედს უკვე არა კანონი, არამედ პოლიტიკურად აფილირებული ჩინოვნიკი წყვეტს. მოქალაქეებმა ერთ მშვენიერ დღეს იგრძნეს, რომ ისინი აბსოლუტურად უსუსურები აღმოჩნდენ საშინელ მონსტრად ქცეულ სახელმწიფო მანქანის წინაშე, საზოგადოებაში გამეფთა ტოტალური დაუცველობის გამყინავი გრძნობა. ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა რეალობა დგას, თუნდაც, გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენების 100 პროცენტთან მიახლოვებულ სამარცხვინო სტატისტიკური მაჩვენებლების უკან.

მაგრამ, რა ხდება დღეს? სამწუხაროდ, მეორდება გმირი ჭაბუკის და დარაკონის შესახებ ცნობილი ინდური ზღაპრის სიუჟეტი. „ხალხის დაკვეთაზე“ დაყრდნობით, „ოცნების“ ხელისუფლებამ სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით განახორციელა რეპრესიები ყოფილი ხელისუფლების მესვეურთა მიმართ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების საქმიანობასთან დაკავშირებული გამოძიება და სასამართლო პროცესები სამარცხვინო სპექტაკლებად არის გადაქცეული. რას ნიშნავს ეს? მხოლოდ იმას, რომ ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის პროცესს“ არა კანონი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. ახლა მითხარით, შეიძლება, რომ პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობის პრაქტიკამ პოლიტიკური დამკვეთებიც და სამართალდამცავი სტრუქტურებიც არ გარყვნას? და სად არის იმის გარანტია, რომ წინა ხელისუფლების მაგალითის მსგავსად მახინჯი პრაქტიკა დანარჩენ მოსახლეობაზე არ გადაინაცვლებს? კანონის უზენაესობა - ჰერმეტული პრინციპია. ის ან დაცულია ყველგან და ყველაფერში, ან არ არის დაცული არაფერში და არსად. და ნუ ჰგონიათ ე.წ. „ხალხის დაკვეთის“ გამომხატველ რიგით მოქალაქეებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ განხორციელებული პრაქტიკა საბოლოო ჯამში მათზეც არ გავრცელდება.

_ამ გადასახედიდან, უამრავი კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საგარეო პოლიტიკურ ხედვებთან დაკავშირებით, ერთის მხრივ, პროდასავლური რიტორიკა ევროპული არჩევანის შესახებ და მეორეს მხრივ, ორჭოფული პოზიციები რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით, სომხეთთან სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის შესაძლო შეთანხმება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, შესაძლოა საჭირო, მაგრამ გადაჭარბებული ,,სიფრთხილის“ გამოჩენა და უამრავი დეტალები, რომელიც გაუგებარს ხდის რუსეთთან ჩვენს დამოკიდებულებას, მაგრამ აქედან ყველაზე მთავარს გამოვკვეთავ - რუსეთთან მიმართებაში საერთაშორისო არენაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს, როგორც საჯილდაო ქვის დღის წესრიგიდან აბსოლუტურად შეგნებული მოხსნა, ფანტავს თუ არა იმ ბურუსს, რომელიც შექმნილია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური კურსის გარშემო?

_დღევანდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ბუნდოვანებასა და წინააღმდეგობრიობაზე ერთი მარტივი ფაქტი მეტყველებს, რომელიც არაერთხელ აღმინიშნავს: წელიწადნახევარზე მეტია სახელმწიფოს არ გააჩნია საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია. წინა ხელისუფლების დროინდელი დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდიდან ამოიღეს და ახალი დღემდე არ შემოუთავაზებიათ. ეს იმიტომ, რომ პოლიტიკა იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ მისი ქაღალდზე დატანისას მთელი რიგი აბსურდული ასპექტებისა ნამეტანი სააშკარაოზე გამოვა. აი, ახალი სამხედრო სტრატეგია გაბედეს და დადეს, მაგრამ სასაცილო და სკანდალური დოკუმენტი გამოუვიდათ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ დოკუმენტი სულელი ან არაპროფესიონალი ხალხის დაწერილია. თავდაცვის სამინისტროში წლების მანძილზე სტრატეგიულ დოკუმენტებზე მომუშავე საკმაოდ პროფესიონალური გუნდი ჩამოყალიბდა. პრობლემა ისაა, რომ მმართველი გუნდის დღევანდელმა საეჭვო საგარეო-პოლიტიკურმა ხედვებმა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ასახვა ჰპოვა ამ დოკუმენტში და შედეგად აბსურდი მიიღეს.

_ასოცირების ხელშეკრულებას საკმაო კრიტიკოსები გამოუჩნდა ქვეყანაში, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ასპექტებით ცდილობენ შენიღბონ ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ გალაშქრების რეალური მიზანი. წმინდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გთხოვდით, ამ საზოგადოებას ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ განუმარტოთ, თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ხელმოწერის მიღებამდე ამ პროცესში იღებდით აქტიურ მონაწილეობას.

_ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა არც უნდა გადავამეტოთ და არც უნდა დავაკნინოთ. რა თქმა უნდა, არ არის სწორი იმ ადამიანების პოზიცია, რომელთაც ეს ხელშეკრულება ლამის წევრობის წინა ფაზად წარმოაჩინეს. ასოცირების პროცესი პოლიტიკურად და იურიდიულად არ არის დაკავშირებული გაწევრიანებასთან. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირში ყოველგვარი ასოცირების ხელშეკრულების გარეშე მიიღეს. ამავე დროს, მაგალითად, თურქეთს რამდენიმე ათწლეულია დადებული აქვს ასეთი ხელშეკრულება ევროკავშირთან, მაგრამ მის გაწევრიანებას ჯერაც არ უჩანს კონკრეტული პერსპექტივა. ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან მთელ რიგ აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებსაც აქვთ დადებული, რომლებიც ამ გაერთიანების წევრები უბრალოდ თუნდაც გეოგრაფიული მიზეზებით ვერ გახდებიან.

მეორეს მხრივ, ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხელშეკრულების დადება არ არის რიგითი მოვლენა ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობებში. ის გულისხმობს ევროკავშირის მრავალი პრინციპის და რეგულაციის გაზიარებას და, შესაბამისად, ქვეყნის ევროკავშირთან თავსებადობის მიღწევას, რაც საგრძნობლად დაგვეხმარება თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში და გაწევრიანებისთვის ხელსაყრელ მომენტს ქვეყანას წევრობისთვის უფრო მეტი მზადყოფნის მდგომარეობაში დაახვედრებს. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპის ბაზართან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადავდივართ. ეს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას სერიოზულად შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება კრიტიკოსებს, ისინი, როგორც წესი, ან საერთოდ არ იცნობენ ამ დოკუმენტს და საკითხს არ ჩაღრმავებიან, ან უბრალოდ უცხო ქვეყნის დავალებას ასრულებენ, რათა დისკრედიტაცია გაუწიონ ჩვენს საზოგადოებაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეას.

_ძალიან მოკლედ, მაგრამ აუცილებლად მინდა შევეხოთ უკრაინას, ბუნებრივია იმ გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც აქვს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ქართული სახელმწიფოსთვის, გვერდს ვერ ავუვლით. საინტერესოა თქვენი პოზიცია, როგორ აფასებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს? რამდენიმე კომპონენტს რომ შევეხოთ - მსოფლიო საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში მისი მართული ძალების განადგურების საფრთხის ფონზე, გარისკოს პირდაპირი შეჭრა ქვეყანაში; ხოლო თუ ვიტყვით, რომ პირდაპირი შეჭრა არ განხორციელდება, მაშინ მოვლენების როგორ გაგრძლებას უნდა ველოდოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში - საქართველო, მოლდოვა და ა.შ.

_უკრაინის მოვლენები ზოგადად რომ შევაფასოთ, უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მძიმე მოვლენებმა დაძრა ნაციის და ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მძლავრი პროცესი, რომელსაც აწი ვეღარავინ შეაჩერებს. უკრაინელი ხალხი, რიგითი უკრაინელები, ახლანდელი და, მაგალითად შარშანდელი, უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებული მენტალიტეტის მატარებელნი არიან. ბედის მწარე ირონიით ამ პროცესს სერიოზულად შეუწყო ხელი ვლადიმერ პუტინმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თავისი აგრესიით. შეიძლება გაგვეცინოს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინი უნებლიედ შევიდა ისტორიაში, როგორც თანამედროვე უკრაინელი ერის შემქნელი, თუმცა თავისი დიდი ძალისხმევით, მაგრამ მოკლე ჭკუით ყველაფერს ცდილობდა და ცდილობს ამის საწინააღმდეგოდ.

პუტინი პირდაპირ და მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ვეღარ გაბედავს. ის გრძნობს, რომ ამ მასშტაბისა და სულისკვეთების ქვეყნის წინააღმდეგ ეს უკვე შეუძლებელია. ის მაქსიმალურად ცდილობს გადაიყვანოს პროცესები ლათენტული გრძელვადიანი კონფლიქტის მდგომარეობაში, რათა შემდეგში ტრადიციულად მოახდინოს პოლიტიკური პარაზიტირება ამ არაჯანსაღ სიტუაციაზე და არ მისცეს უკრაინას ნორმალური განვითარების საშუალება. როცა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები პუტინთან ერთად ცდილობენ ხელი ააღებინონ პრეზიდენტ პოროშენკოს ანტიტერორისტული ოპერაციის წარმატებით განხორციელებაზე, ისინი კარგად უნდა უწევდენ ანგარიშს იმას, რომ ამით ნებსით თუ უნებლიედ, ისინი ხელს უწყობენ ევროპის ამ ნაწილში მახინჯი და არაჯანსაღი რეალობის გაურკვეველი ვადით დამკვიდრებას. დაუშვებელია ევროპის ამ ნაწილში რუსეთის მიერ მართული უსასრულო ლატენტური კონფლიქტის კერის დამკვიდრება და ეს ევროპელმა ლიდერებმა კარგად უნდა გაიაზრონ.

_უკრაინის მიმართულებაზე გეოპოლიტიკურ თამაშში საქართველოს აქტივობის გადაბარება ყოფილი ხელისუფლების ლიდერისთვის, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორ შეაფასებთ? ეს არის რუსეთთან მიმართებაში კონიუქტურის გამო უკან დახევა თუ მმართველი პოლიტიკური ძალის უხეში გეოპოლიტიკური შეცდომა?

_ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან, სამწუხაროდ, რუსეთთან დაკავშირებული ყველა საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯი და პოლიტიკა, მათ შორის, პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ხელისუფლების მიერ თავად რუსეთის ხელისუფლებასთან თანხმდება კარასინ-აბაშიძის ფორმატისა და სხვა მექანიზმების მეშვეობით. ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რას უკარნახებს ამ მიმართულებით კრემლი საქართველოს. ჩვენი მხრიდან, უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, სრული პასიურობა სწორედ ამის შედეგია. ეს ნიშა, რა თქმა უნდა, სააკაშვილმა შეავსო, თუმცა, მის უკრაინაში აქტივობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლა მის უკან არც საქართველოს სახელმწიფო და არც რომელიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პოლიტიკური ცენტრი არ დგას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42