დაიცავს თუ არა პროფესიული ჯარი საქართველოს რუსული საფრთხისგან - შაშკინი ალასანიას უწყების რეფორმაზე
პოზიცია - 13:41, 13 Jul, 2014     5121
რეფორმა ქართულ ჯარში - რატომ იცვლება შერეული სისტემა პროფესიული ჯარით, რამდენად შეესაბამება თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს რეალობას მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში და რატომ თქვა უარი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პროფესიულ ჯარზე. იქნება თუ არა პროფესიული ჯარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გარანტი. ამ თემასთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ამოცანაა, ჰყავდეს ჯარი, რომელიც ქვეყნის თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული. შაშკინი ჯარის რეფორმირების პროცესში მტრულად განწყობილი მეზობელი რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

_არსებობს ასეთი ძველი ანდაზა: ,,ის ვინც არ უვლის თავის ჯარს, მოუვლის და აჭმევს სხვის ჯარს“. მემგონი საქართველოში ყველასთვის გასაგებია თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში შეიარაღებულ ძალებს და რა მნიშნლეობა აქვს ქართულ ჯარს ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს მოუსვენარი, მტრულად განწყობილი მეზობელი რუსეთი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რასაც ვაკეთებთ ქართულ ჯარში, ამას აქვს ხანგრძლივი პერსპექტივა. ბუნებრივია, ტანკი რომ იყიდო და დააყენო, ეს არის მოკლევადიანი პერსპექტივა, მაგრამ არსებობს რეფორმები, რომელიც ზეგავლენას მოახდენს 10-15 წელიწადში. ჩვენ ამით არ ვართ უნიკალური ქვეყანა, მსოლფიოს ყველა სახელწიფო არის თავის შეიარაღებული ძალების მუდიმივი რეფორმირების პროცესში. მაგალითად, ბოლო დიდი რეფორმა საფრანგეთში ჩატარდა 2003 წელს, როცა წვევამდელების ინსტიტუტი იყო გაუქმებული და მთლიანად საფრანგეთის ჯარი გადავიდა პროფესულ ჯარზე. მაგრამ არსებობს მოკლევადიანი აქტები და გრძელვადიანი აქტები.

სამწუხაროდ, არის საკითხები, რომელზეც არ ხდება არანაირი მსჯელობა, რომელიც ეხება საქართველოს შეიარაღებულ ჯარებს და ეს ეხება ხანგრძლივ პერსპექტივაში.

_ფიქრობთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიარაღებულ ძალებში რეფორმირებასთან დაკავშირებით, არ ხდება შიდა განხილვის საგანი და ეს ხდება სპონტანურად?

_ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამნეტური საკითხი, რომელიც არანაირი მსჯელობის საგანი არ გამხდარა, მათ შორის ექსპერტების მოსაზრებების გარეშე იყო გადაწყვეტილი, გახლავთ ის, რომ 2016 წლიდან საქართველო გადადის სრულად პროფესიულ ჯარზე და ამაზე უკვე გაკეთდა განაცხადი. მე მინდა შევახსენო საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ წუთისთვის ჩვენ გვაქვს შერეული სისტემა. ზოგადად მსოფლიოში არსებობს ორი სისტემა - შერეული და პროფესიული. შერეული ნიშნავს, როცა სამხედროები ჯარში არიან კონტრაქტზე და არიან წვევამდელები. ისიც კი მოვისმინე, რომ ზოგი საუბრობს მარტო წვევამდელების ჯარზე. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ოფიცერი მაინც პროფესიონალია, ის მაინც კონტრაქტზეა, ასე, რომ არ არსებობს სისტემა, რომელიც მარტო წვევამდელებზე იყოს ორიენტირებული. არსებობს პროფესიული, როცა ყველა კონტრაქტზეა და არსებობს შერეული, როცა არიან წვევამდელებიც და კონტრაქტზე მყოფნიც. ამ წუთისთვის ჩვენ გვაქვს შერეული სისტემა. ჩვენ ეს ეტაპი გავიარეთ და 2008 წლის ომი რუსეთთან ძალიან ბევრი ანალიზის საფუძველი გახდა.

_თქვენ აღნიშნეთ, რომ აგვისტოს ომი ანალიზის საფუძველი გახდა... რას გულისხმობთ? ცალკეულ ხარვეზებს, თუ თავად ჯარის სისტემას, რომელმაც არ იმუშავა?

_2008 წლამდე ჩვენ გადავდიოდით პროფესიულ ჯარზე. ვარდების რევოლუციის მერე იყო ასეთი იდეა, იყო ბევრი მსჯელობა. მაგრამ 2008 წლის ომმა გვაჩვენა, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და 2008 წლის შემდეგ იწყება რეფორმა შერეულ სისტემაზე გადასვლისთვის. ეს რეფორმა დაიწყო ბაჩო ახალაიამ და ძალიან სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული. ჩემი მინისტრობის პერიოდში მე კიდევ გავაღრმავე ეს რეფორმა, რომელიც გულისხმობდა შემდეგს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მხიედვით განსაზღვრულია ჯარის რაოდენობა. იმ მომენტისთვის, როცა რეფორმა დაიწყო, პირველ ეტაპზე იყო შემოყვანილი 7 ათასი წვევამდელი, მე გავზარდე რაოდენობა 10 ათასამდე. გეგმა მქონდა, რომ ყოველწლიურად წვევამდელი ყოფილიყო 15 ათასი, ხოლო 10 ათასი იქნებოდა პროფესიონალი, კონტრაქტით მოსამსახურე სამხდრო.

ეხლა თავდაცვის მინისტრმა ბრძანა, რომ 2016 წელს ჩვენ კვლავ გადავდივართ პროფესიულ ჯარზე.

_2008 წლის შემდეგ რა შეიძლება შეცვლილიყო? თქვენი აზრით, რა არგუმენტი შეიძლება ჰქონდეს თავდაცვის სამინისტრო?

_მნიშვნელოვანიც სწორედ ეს არის, რომ არანაირი არგუმენტი არ ისმის, თუ რატომ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. თუ შევხედავთ წმინდა პიარულად, ბუნებრივია, უკეთესია, ე.წ. ობივატელს როცა ეუბნები, რომ ჩვენი ჯარი იქნება პროფესიული და რატომ? მას ექნება მეტი ხელფასი და თქვენი შვილი ჯარში არ წავა... ანუ პიარის კუთხით ეს არის მომგებიანი სასაუბრო თემა. მაგრამ საშუალო სტატსიტიკურ ადამიანს არ აქვს ინფორმაცია თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ და ამ ინფორმაციას ხელისუფლება არ აწვდის მოსახლეობას.

_რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, თუნდაც 2008 წლის მაგალითიდან რომ ამოვიდეთ?

_მე მოკლედ აგიხსნით თუ რა საფრთხეები წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, ჭკვიანი კაცი სწავლოს თავის შეცდომებზე. ჩვენ თვითონ ვნახეთ, რომ იყო შეცდომა დაშვებული და მივხვდით, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. პირველი - რუსეთი არის ჩვენი მოწინააღმდეგე რეგიონში. არ უნდა ვიყოთ მიამიტები და არ უნდა დავუჯეროთ ვინმეს თუ ის გვეუბნება, რომ რუსეთი კეთილშობილი გახდა. რუსეთი არის ბოროტების იმპერია და მანამ, სანამ პუტინი და მისივე მსგავსი იქნება ხელისუფლებაში, რუსეთი იქნება ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი. ეს სამწუხაროდ არის კანონზომიერება და მას აქვს ბევრი მიზეზი. რუსეთს ჩვენი მიმართულებით სამი წერტილიდან აქვს კონცენტრირებული კონკრეტული შეიარაღებული ნაწილები: პირველი ეს არის აფხაზეთის მიმართულება, მეორე ეს არის ჩრდილოეთ ოსეთის და ცხინვალის რეგიონი და მესამე არის გიუმრის ბაზა. ამ სამი მიმართულებიდან რუსეთს ჩვენს წინააღმდეგ აქვს მიმართული, დაახლოებით, 120 ათასი ჯარისკაცი. როცა მე ვსაუბრობ ცხინვალის მიმართულებაზე, აქ არ არიან მხოლოდ ის სამხედროები, რომლებიც ეხლა იმყოფებიან რეგიონში. მე ვსაუბრობ გვირაბს იქით ოსეთზე და ეს ზოლი გადის ვოლგოგრადის ოლქზე, ანუ თუ ამ წრეს შემოვხაზავთ საქართველოს გარშემო, ვოლგოგრადის ოლქი იქნება ზღვარი და ამაში მოხვდება გიუმრი, აფხაზეთი და ვოლგოგრადის ოლქი. როგორც აღვნიშნე, ამ ოლქებში გადანაწილებულია და კონცენტრირებული 120 ათასი ჯარისკაცი. ჩვენ გვეყოლება 5 თუ 25.000-კაციანი პროფესიული ჯარი, საქართველოს უსაფრთხოებისთვის არაფერი არ იცვლება. ომის დროს რუსეთმა კონცენტრაცია გააკეთა ეგრევე 80-დან 100 ათასამდე ჯარისკაცის, რომელიც იყო უკვე 7 აგვისტოს გადმოსროლილი საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად ის შენ გახრჩობს რაოდენობით.

_მაშინ რაში მდგომარეობს პროფესიულ ჯარზე გადასვლის რეფორმის არსი, ან როგორ უნდა მოიქცეს ჩვენისთანა ქვეყნა?

_2008 წელს, როცა მოხდა ომის გაკვეთილების გაანალიზება, მთავარი აქცენტი გაკეთდა რეზერვზე. იდეა იყო შემდეგი, რომ ჩვენ უნდა გვყოლოდა 25.000-კაციანი ჯარი და ამას დამატებული 75 ათასი რეზერვისტი. ამ რაოდენობის რეზერვისტი ჩვენ გვეყოლებოდა 5 წელიწადში და თან ძალიან კარგად მომზადებული.

_თუმცა რეზერვმა ომის დროს არ გაამართლა და ამას ხელისუფელბაც აღიარებდა....

_აქაც ვნახეთ ჩვენ გაკვეთილი. ომის დროს ის რეზერვისტები, რომლებიც არ მსახურობდნენ ჯარში, და მხოლოდ კურსებს გადიოდნენ, მათი ბრძოლისუნარიანობა მაქსიმალური არ იყო. ეს მიშა სააკაშვილმა, ან ახალაია, ან შაშკინმა თავისით კი არ მოიფიქრეს, იყვნენ სამხედროები, რომლებმაც თქვეს თავიანთი მოსაზრება და ჩვენ, სამოქალაქო პირებმა ეს მივიღეთ. პროფესიონალების მოსაზრება კი იყო, რომ თუ ჩვენ გვეყოლებოდა 15 ათასკაციანი ერთ წლიანი წვევამდელთა ინსტიტუტი, 5 წელიწადში გამოდის, რომ გვექნება 75 ათას კაციანი მუდმივად მომზადებული კონტიგენტი რეზერვისტების, რომელბსაც ექნებათ გავლილი ერთწლიანი ჯარი და ეცოდინებათ, როდის რა გააკეთონ ომის დროს. ეს გაკვეთილი ჩვენ მივიღეთ. ის რეზერვი, რომელიც გაკეთდა არ იყო სრულყოფილი და არ აღმოჩნდა რამდენიმე კვირიანი კურსი საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი, რომელიც არ მსახურობდა ჯარში, მისგან რეზერვის ჯარისკაცი დამდგარიყო.

_ერთი წელი ჯარში მსახურება საკმარისია იმისთვის, რომ რეზერვი მომზადებული გყავდეს?

_კი, ერთი წელი საკმარისია იმისთვის, რომ ქართველი კაცი დადგეს თავის ქვეყნის სამსახურში. ერთი წელი არის მნიშვნელოვანი, რომ მომზადდეს როგორც აღვნიშნე 75 ათასიანი რეზერვი.

დღეს, როცა საუბარია იმაზე, რომ უნდა გადავიდეთ პროფესიულ ჯარზე, გამოდის, რომ ვეჯახებით იგივე პრობელმას - რეზერვი ჩვენ არ გვეყოლება. თუ დავაკვირდებით ბოლო პერიოდი აღარ მიდის რეზერვის მომზადება.

_მოდით დავუბრუნდეთ რა საფრთხის შემცველია, როგორც თქვენ ბრძანეთ, პროფესიულ სისტემაზე გადასვლა...

_როგორც მე აღვნიშნე, ჩვენი გეგმა იყო 25 კაციანი ჯარი შერეული სისტემით, სადაც იქნებოდა 10 ათასი პროფესიული კონტრაქტზე, 15 ათასი წვევამდელი და 75 ათასი რეზერვისტი. თუმცა სკეპტიკოსები იტყვიან, რომ თუნდაც ეს რაოდენობა გყავდეს, რუსეთს მაინც ვერ მოუგებ ომს... არც ჩვენ ვართ მიამიტები და როცა ამ პროგრამაზე მუშაობდა ბაჩო ახალაია და შემდეგ მე გაერთიანებულ შტაბთან, ვაანალიზებდით და გვესმის, რომ რუსეთს აქვს ბევრად უფრო ძლიერი შესაძლებლობები, ვიდრე ჩვენ. მაგრამ აქ ხომ მთავარი არ არის ვინ მოიგებს ბრძოლას, საუაბრი არის, ვინ მოიგებს ომს. მაგალითისთვის გეტყვით, როცა რუსეთმა ყირიმი წაართვა უკრაინას, ჩაატარეს კვლევა, რუსეთში არის დიდი სოციოლოგიური კომპანია ,,ვციომი“ და მათი კვლევის შედეგად 90% მოსახლეობის ტაშს უკრავდა პუტინს და რუსულ ჯარს და იყო ბედნიერი, რომ ყირიმი წაართევეს. ასევე როცა დაისვა მეორე შეკითხვა, თუ რამდენად უჭერდნენ მხარს დონეცკა და ლუგანსკში რუსეთის ჯარის შესვლას, მაშინაც 80-90% იყო მზად მხარი დაეჭირა ჯარისთვის, რომ უკრაინელებისთვის წაერთმიათ. აქედან ერთ თვეში, ძალიან ბევრი ცინკის კუბო ჩავიდა რუსეთში, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ უკრაინელებს ეომებიან რუსი ,,ნაიომნიკები“ და როცა მათზე ვსაუბრობთ, დაახლოებით მათი 80% არიან რუსეთის რეგულარული ჯარების საკადრო ოფიცრები. მათი უკრაინაში შეყვანა არის მიბარებული კონკრეტულ ჯგუფებზე, რომლებიც შედიან სპეცდანიშნულების ნაწილებში, ეუბნებიან ვისაც სურვილი აქვს წავიდეს და შესაბამისად, ისინი გადიან შვებულებაში ოფიციალურად თავის ჯარში და მიდიან საომრად უკრაინაში. მარტო ,,გრუს“ ერთ-ერთ ბატალიონში ორი კვირის წინ 14 კუბო ჩაასვენეს. ეს ცინკის კუბოები ვრცელდება რუსეთის სხვადასსხვა სოფლებსა და პატარა ქალაქებში. სამი დღის წინ ,,ვციომმა“ ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ უკვე 70%-მა ნეგატიურად შეაფასა რუსეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამ დღეში რადიკალურად შეიცვალა სურათი, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოჩნდა ცინკის კუბოები. ნებისმიერი სამხედრო გეტყვით და ეს არის ჩვეულებრივი რამ, რუსეთი და ნებისმიერი ქვეყანა მუშაობს დაზვერვაზე და ხდება რისკების აწონ-დაწონვა. პირველი რისკი არის ცოცხალი ჯარის დაკარგვა, რომელსაც ზომავს რუსეთის გენშტაბი. თუკი ცოცხალი ძალა იკარგება, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებირვი განწყობა ხდება უარყოფითი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ შეტევაზე კი არ გადავდივართ ვისმესთან, 100 ათასიანი ჯარი ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია...

_ანუ, საქართველოს ძირითადი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს შეიარაღებული ჯარი, რომელიც თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული...

_კი, თავდაცვაზე ორიენტირებული და 100 ათასი ჯარისკაცით იყო დაკომპლექტებული, 25 ათასი რეგულარული და 75 ათასი რეზერვი. მხოლოდ 25 ათასი ვერ შეაისრულებს იმ ამოცანებს, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე.

_თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე არ მსჯელობენ თადაცვის უწყებაში?

_სამწუხაროდ, დღეს ამაზე არავინ არ მსჯელობს. მკითხველისთვის მარტივ მაგალითს მოვიყვან, თქვენ შედიხართ მაღაზიაში და გინდათ ტელევიზორის ყიდვა, რომელიც ღირს 1000 ლარი, მაგრამ გაქვს 100 ლარი. თქვენ გექნებათ 100, 50 თუ გნებავთ 200 ლარი, რა მნიშვნელობა აქვს, ის ტელევიზორი ღირს 1000 ლარი. სიტუაციას ამით ვერ ცვლით. იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ საქართველოს ტერიტორია გვჭირდება 100 ათასიანი კონტიგენტი, რომელიც შეასრულებს ამ დავალებას. როცა ჩვენ ამას ღიად ვამბობდით, იმასაც მივუთითებდით, რომ ესმოდეს ღიად რუსეთის გენშტაბს - ხელმეორედ რომ შეჭრა გადაწყვიტოს, მსხვერპლი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე იყო 2008 წელს. მაშინაც დიდი მსხვერპლი გაიღო რუსეთის ჯარმა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხჯერ აღემატებოდა მათი რაოდენობა ჩვენსას. ამიტომ ვამბობ, რომ 25 ათასიანი კონტიგენტი ვერ დაიცვს ტერიტორიას, კიდევ ვიმეორებ, აქ საუაბრი არ არის იმაზე და არ ვართ მიამიტები, რომ ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს და ა.შ. არა, საუბარია შენი ტერიტორიის დაცვაზე. უნდა ესმოდეს რუსეთს, რომ რა შედეგები მოჰყვება საქართველოში შეჭრას. ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ჰიტლერი არ შეიჭრა ეგრევე საბჭოთა კავშირში, არ შეიჭრა დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანული ჯარი იყო ძალიან ძლიერი. გერმანელების შტაბი თვლიდა თუ რას რა მოჰყვებოდა, ეს იყო აბსოლუტურად ბუნებრივი, სამხედროები ამას გეგმავენ კანონზომიერად. თუკი რუსეთს ეცოდინება, რომ საქართველოში შეჭრის შემთხვევაში მას ექნება ძალიან ბევრი ცინკის კუბო, ეს არის მათთვის გარკვეული ბარიერი იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.

_პროფესიული ჯარი, რომ დავაზუსტოთ, როგორ ქვეყნებს ყავთ?

_ნატოს ქვეყნების უმრავლესობას ჰყავს ბუნებრივია პროფესიული ჯარი, მაგრამ ნატოს ქვეყნების უმრავლესობა არის ეკონომიკურად მდგრადი. პროფესიული ჯარი ძალიან ძვრი ჯდება. მაგრამ გარდა ეკონომიკისა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მაგალითად რომ ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც ჰყავს პროფესიული ჯარი, იგივე საფრანგეთი. იმისდა მიხედვით თუ რა სამხდრო ამოცანები დგას ქვეყნის წინაშე, იცვლება მისი მიდგომებიც. ამ წუთისთვის ამერიკას დაპყრობა არ ემუქრება სხვა ქვეყნების მხრიდან, მიუხედავად ამის, აშშ-ს ჰყავს პროფესიული ჯარი, მაგრამ მას ჰყავს ეროვნული გვარდია, რომელიც არის წვევამდელების ინსტიტუტზე დაფუძნებული, იქ მსახურობს ხალხი, რომელმაც ასაკის ან სხვა მიზეზის გამო მიატოვა სამსახური ჯარში და მსახურობს ეროვნულ გვარდიაში. საჭიროების შემთხვევაში ის ერთვება სამხედრო ოპერაციებში არა მარტო ქვეყანში, არამედ ქვეყნის გარეთ. იმის გამო, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს პროფესიული ჯარი, არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ უნდა გვყავდეს აუცილებლად პროფესიული ჯარი. დიდი ბრიტანეთის ანტისაჰაერო ძალები, ანტისაჰაერო ფარი არის განლაგებული გემებზე და არა მიწაზე, ჩვენ ხომ ვერ გავაკეთებთ ამას, მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გემები არ გვყავს.

_იდენტური რომელი ქვეყანა შეიძლება იყოს?

_ჩვენთვის აბსოლუტურად იდენტური არის ისრაელი. მათაც ჰყავთ ჩვენსავით რთული მეზობლები და არა ერთი, ისრაელი არის ასევე ორიენტირებული თავდაცვაზე. აშშ იბრძვის არა თავის, არამედ სხვის ტერიტორიაზე, ავიღოთ ერაყი, ავღანეთი... იქ პროფესიული ჯარი კარგია და კარგად მუშაობს. როცა საფრანგეთს ჰქონდა დასაცავი თავის ტერიტორიები, იქ ომობდა თავისი პროფესიული ლეგიონი, თავის ტერიტორიაზე განლაგებული დიდი ნაწილი იყო წვევამდელების ინსტიტუტი, რომლებიც ბევრად უკეთესად იცავდნენ ტერიტორიას. ამ წუთისთვის საფრანგეთს არ ემუქრება შეჭრა სხვა სახელმწიფოს მხრიდან. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არცერთი ქვეყანა არ არის მარტო პროფესიულ ჯარზე. რუსეთი რომ რუსეთია, ვერ გადავიდა, სერდიუკოვის დროს სცადა, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს. ნებისმიერი სამხედრო გეტყვით ამას, როცა საუბარია თავდაცვაზე, ბევრად უკეთ იბრძვის წვევამდელი, რადგან ის იბრძვის თავისი სოფლისთვის, თავისი ქალაქისთვის და სახლისთვის. რუსეთი, რომელიც ჩვენზე ბევრად დიდია ტერიტორიით, წვევამდელების სისტემის გარეშე, ის საზღვრებს ვერ იცავს. მთავარი პათოსი არის ის, რომ წვევამდელებს თუ გააუქმებ, რეზერვი არ გეყოლება და გვეყოლება 25 ათასიანი ჯარი.

_პროფესიულ ჯართან დაკავშირებით, თქვენ ახსენეთ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, დაახლოებით რა უჯდება სახელმწიფოს პროფესიული ჯარის შენახვა?

-მარტივად რომ ავიღთო, თუ ერთი წვევამდლი სახელმწიფოს წელიწადში მაგალითად უჯდება 1000 ლარი, ჩათვალეთ, რომ პროფესიონალი უჯდება 10 ათასი...

_მაშინ მიზეზი რა არის ამ რეფორმის?

_პიარულად, როგორც ავღნიშნე ლამაზად ჟღერს, პროფესიული ჯარი, მეტი სამუშაო ადგილი და თქვენი შვილი ჯარში არ წავა. სამწუხაროდ, კომუნისტებმა ერთი დიდი ცუდი სხვა ყველაფერთან ერთად გააკეთეს ის, რომ ჯარის მიმართ ზიზღი ჩანერგეს და მოსპეს ჩვენი ოფიცრების კორპუსი. სააკაშვილი აკეთებდა იმას, რომ ჯარის ავტორიტეტი ამაღლებულიყო. როცა ჩვენ თეთრი შურით ვუყურებთ ამერიკულ და გნებავთ თურქულ ოფიცერთა ელიტას, იქ თაობებმა გაზარდეს, ოჯახებით და თაობებით იყვნენ ოფიცრები და ეს სისხლში და ხორცში აქვთ, ამას დრო სჭირდება. აქ საუაბრია იმაზე, რომ ასეთი ფუნდამენტალური რეფორმა, როგორიც არის პროფესიულ ჯარზე გადაყვენა, ხდება მსჯელობის გარეშე, არავინ არ სმჯელობს, არც პოლიტიკოსები, არც სამხედროები თუ რა არის ამის პლიუს-მინუსები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხე რუსეთის მხრიდან არ მოხსნილა, მოყოლებული მე-20 სუკუნიდან 21-ეს ჩათვლით არაფერი არ იცვლება, რამდენიც გინდა დაუთმო, აიღეთ უკრაინა, რაიმე შეიცვალა? ასეა ჩვენს შემთხვევაში და ეს საფრთხე უნდა იყოს თავდაცვის სიტემაში გათვალისწინებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42