7 ივლისს მართლმადიდებელი სამყარო იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
იოანე ნათლისმცემელმა პირველმა განბანა ქრისტე და მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას დაუდო საფუძველი.
წმინდა სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის მშობლებმა მღვდელმთავარმა ზაქარიამ და ელისაბედმა სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, შვილი არ ჰყოლიათ. ერთხელ ზაქარიას იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას ანგელოზი ეჩვენა და ამცნო, რომ მისი ცოლი შობდა ძეს, რომლისთვისაც იოანე უნდა დაერქმიათ. ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას სასჯელად მეტყველების უნარი წაერთვა.
ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული ელისაბედი დაფეხმძიმდა. როდესაც მან იმშობიარა, მერვე დღეს ჩვილი წინადაცვითეს და აპირებდნენ მისთვის ზაქარია დაერქმიათ, თუმცა ელისაბედმა განაცხადა, რომ ჩვილისთვის იოანე უნდა დაერქმიათ. ამან ყველა გააოცა, რადგან ეს სახელი იმ დროს არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მან მოითხოვა ფიცარი და დაწერა, რომ მის ძეს იოანე უნდა რქმეოდა.
იოანეს შობის შემდეგ ზაქარიას მეტყველების უნარი ისევ დაუბრუნდა და სული წმინდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო და ჩვილს მიმართა: „და შენ ყრმაო, წინასწარმეტყველ მაღლის იწოდო, რამეთუ წარუძეღუ შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებლად გზათა მისთა“.
ყრმა იოანე უდაბნოში იზრდებოდა. იესო ქრისტეს გამოჩენამდე, იგი ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ იორდანეს წყალში ნათლავდა. წმინდა ნათლისმცემელმა იცნო მისკენ მიმავალი უფალი, რომელმაც მისგან ნათელიღო.
უზნეო საქციელის გამო უფლის წინამორბედი ებრაელთა მეფე ჰეროდესაც ამხელდა. წმინდა ნათლისმცემელს თავი ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.
იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე კი 11 სექტემბერს აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები