მსჯელობის პროცესში გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით ალტერნატიული ვარიანტებიც გამოითქვა.
კერძოდ, პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა მე-5 მუხლის მეორე ნაწილის ალტერნატიული წინადადება წამოაყენა.
საკითხი შეეხებოდა სასიკვდილო შედეგით დასრულებულ გაუფრთხილებითი დანაშაულის ჩამდენი პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის და სასჯელისგან გათავისუფლებას თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე სასამართლოს ან გამოძიებას თანხმობას განუცხადებდა ამ პირისთვის ამნისტიის აქტის გამოყენებაზე. დაზარალებულის თანხმობის კომპონენტის შემოტანაზე კობა დავითაშვილმა კატეგორიული წინააღმდეგობა განაცხადა.
მან კომიტეტის წევრებს ალტერნატიული წინადადება წარუდგინა, რომელიც კენჭისყრის შედეგად არ იქნა გაზიარებული.
აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით, კანონპროექტის ავტორებმა კომიტეტის წევრებს სხვადასხვა ვარიანტი გააცნეს, საბოლოოდ, ერთობლივი შეთანხმების თანახმად, უფლებამონაცვლე პირთა კატეგორია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - "თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან არ იძებნება, ამნისტია გამოიყენება დაზარალებულის ოჯახის ყველა წევრის თანხმობის გამოთქმის შემთხვევაში".
კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, ცვლილებები კანონპროექტის მე-17 მუხლსაც შეეხო.
წარმოდგენილი რედაქციით, 1/4-ით სასჯელის შემცირება არ ვრცელდებოდა იმ მსჯავრდებულებზე, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის 108, 109, 137-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით, 138-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით იყვნენ გასამართლებული და ამ მუხლებით მსჯავრდებულთა რაოდენობა 540 პატიმარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






