„გიგი უგულავას დაჭერისთვის საკმაო საფუძველი არსებობდა და ეს გაუთავებელი დაკითხებზე დაბარებები კი, “ნაციონალების” წისქვილზე ასხამს წყალს“, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური თვალსაზრისით გიგი უგულავას „გაუგებარი, მუდმივი დევნა არასწორად მიდის“.
“ის, რომ გიგი უგულავა, კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანია, ისევე, როგორც მთელი “ნაციონალური მოძრაობა”, ეს ყველამ ვიცით. მე ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გარკვეული აზრით მსხვერპლიც არის სისტემის. მე არ მინდა იგივე დაემართოს ნებისმიერ შემდგომ ხელისუფლებას. იქმნება სისტემა, რომელსაც მძევლად აჰყავს ყველა თავისი მოთამაშე და ასეთი მძევალია თავის მიერ შექმნილი სისტემის გიგი უგულავა. პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით ვიტყოდი, რომ გიგი უგულავას გაუგებარი, მუდმივი დევნა არასწორად მიდის. ვფიქრობ, რომ აქამდე საკმაოდ დიდი საფუძველი იყო, რომ გიგი უგულავა უკვე ციხეში მჯდარიყო. იმდენად უცნაურად მიდის ეს ყველაფერი და იმდენად პოზიტიური პოლიტიკური შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს “ნაციონალური მოძრაობისთვის” უკვე ეჭვებში ვვარდები, შეთქმულების თეორია მოდის წინა პლანაზე. გაუგებარია, მეორე ტურის წინ ასეთი ტიპის ესკალაცია გიგი უგულავას მისამართით, მითუმეტეს, როცა ეს ესკალაცია არაფრით არ მთავრდება. ის, რომ ის დამნაშავეა, ქვეყნის მოსახლეობას ვერდიქტი დიდი ხანია, გამოტანილი აქვს. ადამიანს რომ იჭერ, მაგრამ თან ვერ იჭერ და ის გმირის სახით გამოდის, ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ასხამს წყალს. ამ ყველაფერში სერიოზული ხარვეზებია, ინტელექტუალური სიმწირეც კი შეიმჩნევა”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






