ემზარ კვიციანის ადვოკატი ემზარ კვიციანის საქმეზე პროკურორების აცილებას მოითხოვს.
რეზო კახნიაურის თქმით, ემზარ კვიციანს საპატიმრო ვადა 28 ივნისს ეწურება, რის შემდეგაც საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს უნდა გადაეცეს.
"როგორც იცით, ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა 4 თვემდე გაუგრძელდა და 28 ივნისს ეწურება. კანონმდებლობით, მეტის გაგრძელების უფლება არ გააჩნიათ და სისხლის სამართლის საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს უნდა გადაეცეს. მის მიმართ იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმეები თითქმის ყველა სამართალდამცავ უწყებებში. ეს საქმეები გაერთიანდა 2014 წელს, აღნიშნული საქმეებიდან ხშირად გაისმოდა პრესაში, რომ მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში და სხვა მძიმე დანაშაულში, რაც თავიდანვე არასწორი იყო და მიზანმიმართული იყო კვიციანის დისკრედიტაციისკენ", - განაცხადა რეზო კახნიაურმა.
მისივე თქმით, გამოძიებამ ემზარ კვიციანს 7 მუხლი მოუხსნა.
როგორც ადოკატმა აღნიშნა, ემზარ კვიციანს ბრალად დარჩა ორი მუხლი, 315-ე და 223-ე მუხლები, რაც გულისხმობს უკანონო ფორმირებების შექმნას და შეიარაღებული ამბოხის მოწყობას ხელისუფლების წინააღმდეგ.
"სახელმწიფო ბრალმდებლები არიან ისეთი ოდიოზური პიროვნებები, რომლებიც იცავდნენ სახელმწიფო ბრალდებას ვაზაგაშვილისა და სხვა საქმეებზე. ეს პირები ყველაფერზე მოაწერენ ხელს. ჩვენი მოთხოვნაა, სახელმწიფო ბრალმდებლები თენგიზ ხარებავა და თენგიზ ჭითაშვილი საქმეს ჩამოაშორონ", - განაცხადა რეზო კახნიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






