უკრაინის სამი ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშჩენკო რუსეთის პრეზიდენტს ღია წერილს უგზავნიან. ისინი ვლადიმერ პუტინისგან მოითხოვენ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის მიმართ და დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ექსპრეზიდენტები მხარს უჭერენ ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სამშვიდობო გეგმას, რაც ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარების მშვიდობიანად დარეგულირებას ითვალისწინებს და მიმართავს პუტინს, რომელიც ასევე გამოხატავს პოროშენკოს გეგმისადმი მხარდაჭერას.
"თქვენი მხარდამჭერი განცხადება ამ გეგმისადმი ჩვენ აღვიქვით, როგორც დადებითი ნიშანი. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მართალი სიტყვები გამყარებული იქნება ვითარების დეესკალაზიის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით, რუსეთიდან დაქირავებული მებრძოლები კი გამოიყენებენ იმ დერეფანს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება მოაწყობს სამშობლოში მათ დასაბრუნებლად", – აღნიშნულია ექსპრეზიდენტების ერთობლივ წერილში.
სამივე მათგანი რუსეთის პირველ პირს სთავაზობს შეწყვიტოს აგრესია და დანაშაულებრივი პოლიტიკა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც, მათი თქმით, რუს ხალხთან ომი არ სურს.
მასალის გამოყენების პირობები






