უსჯულო კეისარ მაქსიმიანე გალერუსის (რომის კეისარი 295 წლიდან, იმპერატორი 305-311 წლებში, იმპერატორ დიოკლეტიანეს სიძე.) დროს იმპერიაში დაიწყო ქრისტიანთა დევნა. ღმრთისმოძულე ხელისუფალმა ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები.
ბარბარე მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილის დიოსკორეს შვილი იყო, ღმრთის წყალობით ქალწულ ბარბარეს სურვილი გაუჩნდა ჭეშმარიტების პოვნისა და სურდა შეეცნო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. ერთხელ, როცა მისი არსება შემოქმედის ხილვის სურვილმა მოიცვა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.
ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.
დიოსკორე შვილის ქრისტიანად მონათვლის გამო განრისხდა, თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და სიკვდილს იმსახურებდა.
მარკიანე ბარბარესთან ვერაფერს გახდა და ბრძანა მისი სასტიკად წამება. ვერც წამებით გახდნენ ვერაფერს. დიოსკორემ ბარბარეს მახვილით თავი მოჰკვეთა. დიოსკორემ და მარკიანემ კი მალევე მიიღეს მართლმსაჯული უფლისაგან კუთვნილი სასჯელი - მეხის დარტყმით დაიწვნენ.
წმინდა დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მათგან მრავალი სასწაული აღესრულება.
წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.
საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დროიდან სცემენ თაყვანს. მარტო თბილისში მისი სახელობის ოთხი ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული. წმ. ბარბარეს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 4 (17) დეკემბერს.
მასალის გამოყენების პირობები






