ისმის შეკითხვა, როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა?
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სათანადო ქცევაზე პასუხისმგებელია თვით ბრალდებული და პირი, რომელსაც შეაქვს გირაო.
რეფორმატორთა კლუბის აზრით, სათანადო ქცევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ბრალდებულზე და გირაოს შემტანზე ისე, რომ სახელმწიფო ამაში მონაწილეობას არ ღებულობს, წარმოშობს რისკს, განსაკუთრებით არასრულწლოვანი ბრალდებულის შემთხვევაში, რომ იგი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, დაკარგავს ქონებას და დააპატიმრებენ.
მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა სოციალურ–ეკონომიკური უფლებების გათვალისწინებით და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფოს მიერ გირაოს ქვეშ მყოფ ბრალდებულთა სათანადო ქცევის ხელშემწყობი მექანიზმების (pretrial services) შექმნა. ეს არის დასავლურ სისტემებში აპრობირებული პრაქტიკა, სადაც ძირითადად ბრალდებულთა სათანადო ქცევაზე პასუხისმგებლობას კისრულობენ კერძო ორგანიზაციები – თავდები (bondsman).
არსებული რეალობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს ფუნქცია უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ან სახელმწიფო ლიცენზიის მქონე კერძო პირმა, კომპანიამ, რომელიც გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.
რას ვგულისხმობთ სათანადო ქცევის უზრუნველყოფის ღონისძებებში:
_ბრალდებულთან, მის ოჯახთან, ადვოკატთანხშირი კონტაქტი;
_ბრალდებულის ქცევის კონტროლი (ცხოვრების წესი, საქმიანობა, სწავლა)
_სასამართლოს ინფორმირება იმ საპატიო გარემოებების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ბრალდებულის სათანადო ქცევაზე;
_სასამართლოში გამოცხადების უზრუნველყოფა.
ადვოკატისაგან განსხვავებით, რომელიც იცავს მხოლოდ ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და მის უფლებებს (სამართლებრივი დაცვა), თავდები თამაშობს ,,შუამავლის“ როლს სასამართლოსა და ბრალდებულს შორის, ეს არის ერთგვარი ტექნიკური დახმარება, როგორც ბრალდებულისათვის, ასევე სასამართლოსათვის თავიდან იქნას აცილებული გამოუცხადებლობის, მართლმსაჯულებისგაჭიანურების შემთხვევები და თანამდევი შედეგები.
რეფორმატორთა კლუბი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ვარაუდობს, რომ:
_თავიდან იქნება აცილებული ბრალდებულის დაპატიმრება – ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპი;
_შემცირდება გირაოს სახით შეტანილი თანხის, უძრავი ქონების დაკარგვის რისკი – ეკონომიკური ეფექტი;
_გაიზრდება ბრალდებულის სათანადაო ქცევის გარანტიები – მართლმსაჯულების ინტერესი
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






