რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ავრცელებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმერ მარკინის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებზე.
"გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას", - განუცხადა "იტარ-ტასს" ვლადიმერ მარკინმა.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დანაშაულში პასუხისმგებელი პირები გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს ამ პირების ბრალდებულად გამოცხადებისა და მათზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების საკითხს", - განაცხადა ვლადიმერ მარკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






