საიას თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განცხადებით, სახელმწიფომ კომპანია RMG Gold-ს 7 ტონა ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია ერთი წლით უფასოდ გაუგრძელა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კვლევის შედეგები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო.
კვლევა ორი მიმართულებით წარიმართა. საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიებზე გაცემული ძვირფასი ლითონების მოპოვების ლიცენზიებთან დაკავშირებით.
როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, RMG Gold-ისთვის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გამოსარკვევია, ხომ არ არის რაიმე კორუფციული გარიგების ნიშნები. კოჟორიძე ამბობს, რომ ერთი წლის ვადით კომპანია RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების შესახებ ლიცენზია გაუგრძელდა და ლიცენზიის გაგრძელება უფასოდ. მოხდა.
"კომპანიას, რომელსაც უნდა მოიპოვოს 7 ტონა ოქრო, ლიცენზია გაუგრძელდა უფასოდ. ცხადია, ჩნდება კითხვები, სახელმწიფომ რატომ გაუგრძელა კომპანიას უფასოდ ეს ლიცენზია. ჩვენ შევისწავლეთ ლიცენზიებთან დაკავშირებული კომპანიების ისტორიაც და ვერ გავარკვიეთ, თუ ვინ დგას ამ კომპანიების უკან. ყველა მათგანი ერთ კომპანიაში ერთიანდებიან, კომპანია RMG Gold-ის გარდა იქ სხვა კომპანიებიც არის", - აღნიშნა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე ჰანცხადებით, მათ მიერ ლიცენზიებთან დაკავშირებით შესწავლილ კომპანიებში სხვადასხვა დროსაც და დღესაც მუშაობენ ის პირები, რომლებიც ადრე სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ და მათ კომპეტენციაში სამთო-მოპოვებითი ლიცენზიების გაცემის საკითხები შედიოდა.
მასალის გამოყენების პირობები






