რა შემთხვევაში დაუბრუნდება რუსეთი გაერთიანებას, ამ კითხვას არ არის გამორიცხული ვლადიმერ პუტინმა უკვე საფრანგეთში უპასუხოს.
დემოკრატიული ქვეყნების კლუბისთვის მიუღებელია ვლადიმერ პუტინის დღევანდელი რუსეთი, - ეს განცხადება ბრიუსელში სამიტის დასრულებისთანავე გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.
სწორედ ევროკომისიას აქვს დავალებული, მოამზადოს სანქციების ის პაკეტი, რომელიც ამოქმედდება მესამე ფაზაზე და ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი დიდი შვიდიანი ვერ დაინახავს პროგრესს უკრაინაში, ვერ დაინახავს რუსეთის კონსტრუქციულობას და დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
სანქციების დაწესება და გამკაცრება ამ ეტაპზე გადაიდო, თუმცა ლიდერება განაცხადეს, რომ მათ ამ საკითხის მიმართ ერთიანი პოზიცია და მიდგომა აქვთ.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა: ,,რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსია მიუღებელია, არაკანონიერი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ასევე არაკანონიერია დესტაბილიზაციის შექმნა, დაფინანსება და წახალისება. ვლადიმრ პუტინს აქვს შანსი, რომ დაუბრუნდეს რუსეთი საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს, მას შეუძლია დაიწყოს საუბარი პოროშენკოსთან, რომელსაც მე გუშინ ვესაუბრე. მას კარგად აქვს გააზრებული, რომ უკრაინას მეზობელ რუსეთთან უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ იცის, რომ ამავე დროს სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, ესაუბროს დანარჩენ მსოფლიოს. თუ მე მას საფრანგეთში შევხვდები, ვიტყვი იგივეს, რასაც უკრაინის კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, დღემდე ვეუბნები სატელეფონო საუბრების დროს. ჩვენ ფორმალური შეხვედრა არ გვქონია. რუსეთს აქვს ლეგიტიმური ინტერესი მეზობელი ქვეყნის მიმართ, ასევე ისტორიული კავშირების გათვალისწინებით, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები. მე მაქვს იმედი, რომ სექტორული სანქციების დაწესება არ დაგვჭირდება, ვინაიდან რუსეთი უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს წაადგება რუსეთს, ვინაიდან რუსეთის ეკონომიკა კარგ ფორმაში არ არის, იმ სანქციების გამოც კი, რაც ჩვენ გვაქვს დაწესებული, ადგილი აქვს კაპიტალის გადინებას. ველოდები თუ არა ევროკავშირის მხრიდან ერთიანობას? 5 წელიწადნახევარია პრეზიდენტი ვარ და ხანდახან მერევა ისევ ერთმანეთში ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო. რა თქმა უნდა, ვუშვებთ, რომ მაგიდასთან მყოფ ლიდერებს არ ჰქონდეთ ერთი მოსაზრება“.
დევიდ ქემერონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ,,დიდი შვიდიანის წევრები დადგნენ ერთად, ჩვენ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და მათ სურვილს, აირჩიონ ჩარევის გარეშე საკუთრი მომავალი, ვიმეორებთ, რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელია, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის იმ ღირებულებებს, რომელსაც პატივს სცემენ ევროპული დემკრატიები, მიუღებელია სტატუს-ქვო, აღმოსაველთ უკრაინაში დესტაბილიზაციის წახალისება უნდა შეწყდეს, აუცილებელია პრეზიდენტმა სცნოს არჩევნების შედეგები, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა, თუ არ მოხდება ზემოთჩამოთვლილი, მაშინ დადგება სექტორული სანქციების დროც. დღეს ჩვენ რუსეთის გარეშე ვისაუბრეთ, დიდი რვიანიდან რუსეთი გარიცხულია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორი გადაწყვეტლება იყო“.
რაც შეეხება მისტრალის თემას, რომელიც ასევე განხილული იყო, საფრანგეთის პრეზიდენტმა გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისტრალს მიიღებს რუსეთი კონტრაქტის შესაბამისად, კონტრაქტი კი დადებულია ყოფილი ხელისუფლების დროს 2011 წელს, და ის ვერ ხედავს ჯერ-ჯერობით აუცილებლობას იმისას, რომ კონტრაქტის პირობები შეიცვალოს და საფრანგეთმა უარი თქვას მისტრალის გადაცემაზე.
ამავე თემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა ბარაკ ობამამ:
,,მე გამოვთქვი შეშფოთება და ვფიქრობ, ამ წუხილში მარტო არ ვარ კონკტრაქტების საკითხში რუსეთთან. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები - მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა იცის ჩემი პოიცია - მე ვაღიარებ, რომ ეს სერიოზული კონტრაქტია, მესმის ძალიან კარგად, რომ საფრანგეთში მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები, ამასთანავე მნიშვნელოვანია რომ მისტრალზე საფრანგეთის პოზიცია არ უშლის ხელს საფრანგეთთან ერთად ჩვენს საერთო მსჯელობას, რომელიც მომავალში სანქციებისთვის მზადყოფნას გულისხმობს“.
დიდი შვიდიანის შეხვედრა დასრულებულია, ევროპელი ლიდერები საფრანგეთში გამეგზავრნენ.
საზ.მაუწყებელი, ქეთევან ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






