გასულ კვირას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში საზარელი ტრაგედია დატრიალდა. 38 წლის ანზორ ქოქოევმა ნაჯახით ჯერ მეუღლე, 30 წლის რუსუდან ბერიძე მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო. ამ ტრაგედიას კი ერთ-ერთი შვილი, 10 წლის მანანა შეესწრო.
მეზობლების ნაამბობით, გოგონა შინიდან ღრიალით გამოვარდა, ის მახლობლად მცხოვრები ბებიისკენ გაიქცა, რომელსაც უთხრა, რომ მამამ დედა მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებენ, მოკლული რუსუდან ბერიძე მეცხრე ბავშვზე იყო ორსულად. გამოძიების ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება.
მკვლელობიდან რამდენიმე საათში, როცა შემთხვევის ადგილიდან მიმალულ ქმარს პოლიცია დაეძებდა, ერთ-ერთმა მეზობელმა თეიმურაზ ქოქოევი სახლის უკან მდებარე, ხეხილის ბაღში, ლეღვის ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.
მეზობლები მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ. თავად რუსუდან ბერიძის ოჯახი ამ საკითხზე ღიად საუბარს თავს არიდებს, - "ხალხი ყველაფერს ამბობს და მათ ნათქვამს არც ვუსმენ", - გვითხრა მოკლულის ძმამ, ტარიელ ბერიძემ.
სანამ ნათესავები მიცვალებულებს დაკრძალავენ, ბავშვები მახინჯაურში მიმღებ ოჯახებში დარჩებიან. მათთან სოციალური მუშაკები მუშაობენ. თუმცა, ბავშვების ბიძა "პრაიმტაიმთან" საუბარში აცხადებს, რომ ბავშვებს თავად გაზრდის.
"პრაიმტაიმი" შეეცადა დაწვრილებით გაეგო მომხდარის შესახებ. ვესაუბრეთ, როგორც მოკლული რუსუდან ბერიძის ოჯახს, ასევე, გარდაცვლილების მეზობლებს, სოფლის რწმუნებულს.
ქოქოევის ოჯახი ოჩხამურში 1998 წლიდან ცხოვრობს. თავად ქოქოევი წარმოშობით ქარელიდან იყო. ოჯახი სოფელში არსებულ ამორტიზებული ფაბრიკის სასადილოში ცხოვრობდა. მათ საკუთარი სახლი არ გააჩნდათ.
ოჯახი სოციალურად შეჭირვებული იყო. პრაქტიკულად, სოციალური დახმარებით სულდგმულობდნენ. ოჯახის უფროსს, ჯანმრთელობის მდგომარებიდან გამომდინარე, მუშაობა არ შეეძლო. ხანდახან ჯართს აგროვებდა და აბარებდა.
როგორც მეზობლებმა გვიამბეს, ოჯახს კერძო პირებიც უმართავდნენ ხელს, როგორც თანხით, ასევე საკვებით და ბავშვების ტანსაცმლით.
მეზობლები ცოლ-ქმარს შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ და სავარაუდო მიზეზსაც ასახელებენ.
„თქვენ არ იცით რა გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ეს კაცი ქალივით უვლიდა ბავშვებს. აჭმევდა, ბანდა. ყოველთვე 1 400 ლარს იღებდნენ. ბათუმელი თურქი, მჟავანაძე, ყოველთვე ფულით, პროდუქტებით, ტანსაცმლით ეხმარებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი ეხმარებოდათ, იმდენი შემოსავალი ჰქონდათ, რომ ასე გაუბედურებულად არ უნდა ეცხოვრათ, მაგრამ ქალს ვიღაც ჰყავდა და იმასთან გარბოდა, სადღაც ქარელში, იმას ახარჯავდა მთელ ფულს, ბავშვები კიდევ მიგდებული ჰყავდა. ეს გაიგო ქმარმა, პატიობდა, რომ ოჯახი არ დაენგრია და ბავშვები არ მიეტოვებინა, მაგრამ ეს მაინც არ იშლიდა სიარულს. ამბობენ, ფეხმძიმედაც სწორედ იმ კაცისგან იყოო. ამის გამო მოუვიდათ იმ დილითაც ჩხუბი. ეს ქალი წასვლას აპირებდა, კაცმა არ გაუშვა და მერე რაც მოხდა იცით. ამ ამბავს მათი ერთ-ერთი შვილი შეესწრო. ბავშვმა დაინახა როგორ მოკლა მამამ დედა. ბავშვი ყვირილით გავარდა, იქვე ახლოს ბებია ცხოვრობს. ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ. ეს ამბავი დილის ექვს საათზე მოხდა. დილით ცოლის ძმამ დამირეკა, ჩემმა სიძემ დამირეკა და მითხრა, შენი და მოვკალიო. წადი, გამიგე, მართალია თუ მომატყუაო. გავედი მერე მათთან და აღმოჩნდა, რომ მართლა მოუკლავს ცოლი. შემდეგ ისევ დამირეკა რუსუდანის ძმამ და მითხრა, ჩემი სიძე მოძებნეთ, დამირეკა და მითხრა თავი უნდა მოვიკლა და ეს არ გააკეთოს, ბავშვები მთლად უპატრონოდ არ დარჩნენო. ამის შემდეგ დავიწყეთ ძებნა. მათთან ახლოს მაღაზია მაქვს. ჩემი მაღაზიის უკან არის ხეხილი, ლეღვის ხეზე იპოვეს. საწყალს თავი ჩამოუხრჩვია“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილების მეზობელმა თამაზ მჟავანაძემ.
მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახური კონფლიქტის და მიზეზის შესახებ იცოდნენ და ბევრჯერ ჩარეულან კიდეც. თუმცა, ტრაგედია თავიდან ვერ აირიდეს.
მკვლელობა 22 მაისს, სავარაუდოდ დილის ექვს საათზე მოხდა. როდესაც მეზობლებმა მკვლელობის შესახებ გაიგეს, შემდეგ დაიწყეს ქოქოევის ძებნა. რამდენიმე საათში ერთ-ერთმა მეზობელმა ის ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.
"ერთი უბედურება არ გვქონდა გააზრებული და მონელებული, რომ მეორე მიცვალებული ვიპოვეთ. ქოქოევს ძმები ჰყავს, რომლებიც თურქეთში არიან, იქ მუშაობენ, ეს ამბავი შევატყობინეთ და ჩამოვლენ. რუსუდანს ძმა ჰყავს, ის თბილისში მუშაობს და იმ დღესვე ჩამოვიდა. ძალიან გაჭირვებული ოჯახი იყო. რამდენიმე ბავშვი ღამეს ბებიასთან ათევდა, რადგან დასაწოლი ადგილი არ ჰქონდათ. ეს კაცი ცუდი ადამიანი არ იყო. როგორც შეეძლო მუშაობდა, ჯართს აბარებდა. ადრე, ახალგაზრდობაში, სვამდა, მაგრამ ახლა არა. ფინანსურად ძალიან ბევრი ეხმარებოდათ". - ამბობს გარდაცვლილების მეზობელი ვიოლეტა კავზინაძე.
სოფლის რწმუნებული, მამული სურმანიძე: „ქოქოევის ოჯახი სოციალურად დაუცველია. რვა შვილს ზრდიდნენ. უფროსი 14 წლისაა, უმცროსი ცხრა თვის. ამბობენ, რომ ცოლი მეცხრე ბავშვზე ყოფილა ფეხმძიმედ. ამას გამოძიება დაადგენს. ჯერ არ დასრულებულა. ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია ხდება. ჩვენი ინფორმაციით მათ შორის კონფლიქტი არაერთხელ ყოფილა. მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება. ამ საქმეში ჩავრეულვართ კიდეც. ცოლმა რამდენჯერმე სცადა გაყრა, მაგრამ ქმარი უარს ეუბნებოდა. ეს მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც გავიგეთ, ცოლს ვიღაც ჰყავდა. როცა მკვლელობის შესახებ გავიგეთ, მივედით ადგილზე, თავიდან ქოქოევი ყველას გაქცეული გვეგონა, რამდენიმე საათში, სახლიდან სამასს მეტრზე, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს“.
"პრაიმტაიმი" ასევე ესაუბრა მოკლულის ძმას, ტარიელ ბერიძეს. ის სოფელში მკვლელობის დღესვე ჩავიდა.
არაფერი არ ვიცი, რა მოხდა. იმ დილით ჩემმა სიძემ დამირეკა და მითხრა, შენი და მოვკალიო. მეც უნდა მოვიკლა თავიო. ვურეკავდი, მაგრამ ტელეფონი გამორთო, რა უნდა გითხრათ, სახლში ორი მიცვალებული გვისვენია.
- როგორ ადამიანი იყო თქვენი სიძე? ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხომ არ ჰქონდათ?
- ნორმალური ბიჭი იყო, კარგი ურთიერთობა გვქონდა.
- ამბობენ, რომ მეუღლე ეჭვიანობის გამო მოკლა, არსებობდა ამის საფუძველი?
- ხალხი ბევრ რამეს იტყვის, მაგრამ მათ არ ვუსმენ. ორივე მკვდარია და რომელს ვკითხო? მე არაფერი ვიცი და თქვენც გთხოვთ... ახლა ეს მიცვალებულები, როგორც წესია, ისე გავაპატიოსნოთ... ორივე ერთად გვისვენია.
- რაც შეეხება ბავშვებს, რა ბედი ელით მათ? ისინი ამჟამად მახინჯაურში, მიმღებ ოჯახებში არიან განაწილებულები.
- ბავშვებს ვერსად ჩააბარებენ. ისინი ჩვენი სისხლი და ხორცია და ჩვენ გავზრდით. რაც მექნება იმას ვაჭმევ.
ქოქოევის ოჯახის ტრაგედია იმ უშვიათეს შემთხვევათაგანია, როცა მართლმსაჯულება დამნაშავეს ვერ გაასამართლებს, რადგან დამნაშავემ საკუთარ თავს განაჩენი თვითონ გამოუტანა. სოფელიც დიდხანს ილაპარაკებს მომხდარზე, იქნება ბევრი მითქმა-მოთქმა. ამ ტრაგედიაში ყველაზე შესაბრალისები სწორედ ბავშვები არიან, რომლებმაც იციან, რომ დედა მამამ მოუკლათ. ამ ტრავმით მოუწევთ ცხოვრება.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მედიის საშუალებით ხშირად გვესმის ოჯახური მკვლელობის შესახებ. ქმარმა ცოლი მოკლა, შვილმა დედა, მამამ შვილი და ა.შ.
ოფიციალური სტატისტიკა, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე რამდენი მკვლელობა მოხდა, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით მიმდინარე წელს განზრახ მკვლელობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან რამდენია ოჯახური კონფლიქტი, დაკონკრეტებული არ არის. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ამავე უწყებას პირველი კვარტალის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
თუმცა, არაოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტის, რომელიც მკვლელობით დასრულდა, 15 ფაქტია.
ფსიქოლოგები ოჯახური კონფლიქტების დრამატულ დასასრულს მძიმე სოციალური ფონით, ემოციების ვერ გაკონტროლებითა და ფსიქიკური პრობლემებით ხსნიან.
"ასეთ ქმედებას რიგი ფაქტორები უძღვის. მნიშვნელოვანია ოჯახში აღზრდა, ადამიანის პირადი გამოცდილება, აგრესიის ფორმა და ფონი. ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ რაღაც უკეთ იქნება და აჩენს სამ, ოთხ შვილს. შემდეგ მათი გამოკვების საშუალება არ აქვს. დგება რეალობის წინაშე. ასეთ მასშტაბურ სისასტიკეს იშვიათად სჩადიან ადამიანები, რომლებიც მაღალ სოციალური სფეროს განეკუთვებიან, რადგან მათ მეტი განათლება აქვთ. რეალიზების მეტი უნარი. შეუძლიათ გამონახონ გამოსავალი. მეორე შემთხვევაა, როცა საქმე გვაქვს სუსტი ნებისყოფის და ბედის ანაბარა მყოფი ადამიანების ქცევასთან. ეს თემა შეგვიძლია დავყოთ რამდენიმე ფორმად - აგრესია, ფსიქიკური აშლილობა, სოციალური არაადაკვატურობა, სიყვარულის დეფიციტით შექმნილო აგრესია. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებიც ოჯახური კონფლიქტის, ტრაგედიის მონაწილეები ხდებიან, მათში ჩადებული ნეგატიური ემოცია მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ. რაც ქირურგიული ჩარევით ვერ გამოსწორდება. როგორ მოახდენენ ისინი ამ ტრავმის რეფორმირებას საკუთარ თავსა და საზოგადოებაში, ეს ძალიან სადავო საკითხია. მათგან შეიძლება დადგეს ძალიან სასტიკი ან ძალიან მიმტევებელი ან სულაც ემოცია დათრგუნული ადამიანები. ვისაც ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა აქვს, იქნება ეს სამეგობრო, სანაცნობო, მათ მიმართ აუცილებლად უნდა გამოიჩინონ სიყვარული და სითბო. ასევე, მათ უნდა მისცენ კარგი განათლების მიღების საშუალება. უნდა დაკავდნენ რაღაც საქმით. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. საზოგადოებისგან ისეთი მუხტი არ უნდა წამოვიდეს, რაც აფიქრებინებთ, რომ ოჯახში მომხდარი კონფლიქტი მათი ბრალია. მინდა გითხრათ, რომ აგრესიის ფაქტები გერმანიაშიც ხშირია. ასეთი შემთხვევა მოხდა, მამამ სამივე შვილი ფანჯრიდან გადაყარა. საბედნიეროდ, სამივე გადარჩა. მისი ამ საქციელის მიზეზად სამსახურებრივი სტრესი დასახელდა. საქართველოში სამსახურის სტრესი, ალბათ, გაცილებით ნაკლებადაა, ვიდრე ევროპაში. ჩვენთან უფრო უმუშევრობის სტრესია. არსებობს აფექტი და ამის გამომწვევი უამრავი მიზეზი. მსგავს გადაწყვეტილებას ადამიანი ერთ თვეში არ იღებს", - ამბობს ფსიქოლოგი სოფი ხარატი.
მასალის გამოყენების პირობები






