გასული წლის ოქტომბერში, ვანის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის, სამნი ძმები იყვნენ _ შმაგი, ზურაბ და დავით გიორგაძეები. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავების მიზეზი პოლიციელთა ეჭვი იყო _ სამართალდამცავები ფიქრობდნენ, რომ დაკავებულები ნარკოტიკების მოიხმარდნენ.
თუმცა, გიორგაძეებს შემოწმების შედეგად ნარკოტიკების მოხმარება არ დაუდგინათ. შმაგი და დავითი პოლიციამ იმავე დღეს გაათავისუფლა, ზურა გიორგაძე კი სახლში დილით გაუშვეს.
_ ზურა სახლში სასტიკი ნაცემი მოვიდა. მაშინ გავიგე, რაც წინა ღამეს მოხდა. შმაგი და დათოც უცემიათ მეგობრებთან ერთად. ხელფეხშეკრულებს სცემდნენ, თურმე. ზურა განსაკუთრებით ჰყავდათ ნაცემი. იმავე დღეს მინდოდა საქმე აღმეძრა, მაგრამ ბიჭებმა არ დამანებეს _ გახმაურება არ მოინდომეს, _ ყვება "გურია ნიუსთან“ საუბრისას მაია გიორგაძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ამბის შემდეგ ზურას შიშები დასცემდა:
_ ეღვიძებოდა და ყვიროდა _ ფრთხილად, პოლიცია მოდისო. სულ დაძაბული იყო, _ იხსენებს მაია გიორგაძე.
ქალბატონი მაიას თქმით, ძმები ზურას მდგომარეობით ძალიან იყვნენ შეწუხებულები:
_ ჩემი ერთ-ერთი შვილი, ნუგზარ ი, ვანში ეკლესიის მშენებლობაზე მუშაობდა. 7 ნოემბერს იქვე ახლოს, მეზობელთან გადასულა. იქ პოლიციელ კორძაძეს შეხვედრია _ ადამიანს, რომლებმაც ზურა სასტიკად სცემა. ნუგზარს უკითხავს, რა გინდოდა, რა დაგიშავა ჩემმა ძმამ ასეთ დღეში რომ ჩააგდეთო. პოლიციელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღი ესროლა, _ ამბობს მაია გიორგაძე, რომლის თქმით, ეს ყველაფერი დღისით-მზისით, თვითმხილველების თვალწინ მოხდა.
გიორგაძის მონაყოლის თანახმად, ამის შემდეგ პოლიცია ყველანაირად ცდილობდა, ამბავი არ გახმაურებულიყო:
_ ვინ არ მოაგზავნეს. თუმცა, არ გავჩერებულვარ და მომხდარის შესახებ გენერალური ინსპექციაც ჩავაყენე საქმის კურსში. მეგონა, სამართალს ვიპოვიდი, მაგრამ მწარედ შევცდი. ტრაგედიას ტრაგედია დაემატა _ პოლიციელების მიერ ნაცემმა 26 წლის ზურამ, რომელსაც, როგორც გითხარით, შიშები დასჩემდა, ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და 4 დეკემბერს თავი მოიკლა, _ გვიყვება ქალბატონია მაია.
_ 7 შვილის დედა ვარ. ჩემი ბიჭები უკვე დიდები არიან. მეშინია, სამართლის აღსრულება მათ არ გადაწყვიტონ. პოლიციას კიდევ ერთ შვილს ვერ მოვაკვლევინებ. მზად ვარ თავად აღვადგინო სამართალი ქვეყანაში, სადაც გვპირდებოდნენ, რომ სწორედ სამართალი იქნებოდა უზენაესი, _ ამბობს მაია გიორგაძე
გიორგაძეების ოჯახის ინტერესებს ლედი ტუკვაძე იცავს:
_ ძალოვნებს ამ ამბის გახმაურება არ სურთ. არ უნდათ, გაიგონ, რომ ისევ ხდება დაკავებულების ცემა, შანტაჟი, მუქარა. არადა, ვანის პოლიციაში ეს ერთგვარ მოდად იქცა. სამწუხაროა, რომ არავის აინტერესებს ამ ტრაგედიის თავი და ბოლო. იმედია, შესაბამისი ორგანოები საქმეს საფუძვლიანად მოიკვლევენ და ქვეყანაში უსამართლობის განცდა არავის ექნება, _ ამბობს "გურია ნიუსთან“ საუბრისას ტუკვაძე.
აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არ იმყოფება იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე:
_ პირველად მესმის. აუცილებლად დავინტერესდები ამ საკითხით და პირადად შევხდები ქალბატონს, რომელსაც პოლიციელების მიმართ პრეტენზია აქვს, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩუბინიძემ.
ინფორმაციას გიორგაძეების ცემის არც ვანის პოლიციის უფროსი, გაბრიელ ცხვედიანი ფლობს:
_ მე იანვარში დავინიშნე პოლიციის უფროსად და ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოხდა გასულ პერიოდში. გიორგი კორძაძე კი ნამდვილად მუშაობს ჩემთან, _ გვითხრა ცხვედიანმა.
_ ბატონო გაბრიელ, გიორგაძეების ადვოკატი ამბობს, რომ ვანის პოლიციაში დაკავებული პირების ცემა "მოდად“ იქცა...
_ მე ვერაფერს გეტყვით. დაურეკეთ ჩვენ პრესსამსახურს, _ აღნიშნა ცხვედიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, აღნიშნულ საქმეზე მოკვლევას დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
დასავლეთ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ილია ჯალაღანიამ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებში გასარკვევად პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.
_ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ყველაფერი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მთავარი პროკურატურის პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეიმურაზ დოლიძემ.
ჩვენ შევეცადეთ პოლიციელ კორძაძესაც დავკავშირებოდით, თუმცა უშედეგოდ. ვანის პოლიციის უფროსმა, თანამშრომლის ტელეფონის ნომერი იმ მიზეზით არ მოგვცა, რომ "შესაბამის ადგილზე“ (?!) არ იმყოფებოდა.
წყარო: გურია ნიუსი
მასალის გამოყენების პირობები






