ბრიტანელმა დიპლომატებმა თავის რუს კოლეგებთან არ დაიწყეს პრინცი ჩარლზის გამოთქმების განხილვა, რომლებშიც, როგორც პრესა ირწმუნება, ტახტის მემკვიდრემ რუსეთის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. ბრიტანეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ არ გააკეთებენ კომენტარს საინფორმაციო საშუალებების ცნობებზე, ვინაიდან საქმე ეხება პრინცის კერძო საუბარს.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. როგორც ბრიტანული ტაბლოიდი DailyMail იუწყება, ჩარლზმა შესაბამისი კომენტარი კანადაში ვიზიტისას კერძო საუბარში გააკეთა.
გაზეთის გადმოცემით, ჩარლზი გალიფაქსში, ემიგრაციის მუზეუმში ესაუბრებოდა გიდს მარიენ ფერგიუსონს, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს ოჯახი დაკარგა და კანადაში 13 წლის ასაკში გაიქცა. ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ როდესაც უელსის პრინცს თავის გადატანილ ტკივილზე მოუყვა, მან თქვა: "და აი ახლა პუტინი აკეთებს პრაქტიკულად იგივეს, რასაც - ჰიტლერი". ჩარლზის ნათქვამი სხვებმაც გაიგეს.
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის პრეს-სამსახურმა პრინცის კერძო საუბარზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






