შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა აღარ მოეთხოვება.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთა სფერო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მთლიანად სცილდება, რასაც ,,ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს.
ამიერიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მანდატურების მოსამზადებელი კურსები მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული.
მოქმედი კანონმდებლობით, მანდატური უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს დაესწროს, სადაც მას სათათბირო ხმის უფლება გააჩნია. წარმოდგენილი პროექტით კი, ასეთ სხდომებს მანდატურები მიწვევის საფუძველზე დაესწრებიან, გამოთვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნილ საკითხებზე, მაგრამ სათათბირო ხმის უფლება არ ექნებათ.
ცვლილებების თანახმად, სკოლის მანდატურთა ,,კანონიერი მოთხოვნის" ყველა ფიზიკური პირისთვის შესრულების ვალდებულება უქმდება. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი ,,პირადი გასინჯვა", მასთან დაკავშირებული პროცედურები და ამ მიმართულებით სკოლის დირექტორის ნებართვის და მისი ზედამხედველობის აუცილებლობა ჩნდება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
მასალის გამოყენების პირობები






