ჩვენ დასათმობი დაგვრჩა ჩვენი პროდასავლური კურსი, იმედია ამას არ დავთმობთ და არ ვიცი, რა რის სანაცვლო, რაც შეიძლება დავთმოთ. რუსულ ბაზარზე დაბრუნება ამად ნამდვილად არ ღირს. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ბაზარი არც ისე საიმედოა - ნებისმიერ დროს დაგვიხურავს ონიშჩენკო. უფრო მეტიც - ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტი არც ისე დიდ მოგებას მოგვცემს, როგორც ეს ახლა ზოგიერთს ჰგონია.- აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ,,ნიუპოსტისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ თემა მართლაც სოლიდურ გაანალიზებას მოითხოვს.
_ ბატონო თორნიკე, დღეს რუსეთის მხარე კონკრეტიკას ითხოვს, იტყვის თუ არა უარს საქართველო ნატოზე, როგორი იქნება საქართველოს პოზიცია?
_ ჩემი აზრით, უარს არ იტყვის. მთავრობას ამის სურვილი რომც ჰქონდეს, ამას ჯერჯერობით ვერ გააკეთებს. თუმცა ბოლო დროს გამოჩნდა ერთი-ორი ,,ექსპერტი" რომელიც ამბობს, რომ ნატოზე და ამერიკასთან პარტნიორობაზე უარი უნდა ვთქვათ. იმედი მაქვს ეს ექსპერტები მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავენ და მათ უკან მთავრობის ფიგურები არ დგანან.
_ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ის, რომ დაიძრა ყინული რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯი პრობლემებს ისე მოაგვარებს, რომ ახალს არ შექმნის?
_ ნატოში შესვლის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ძალიან რთული ამოცანაა. ეს რომ განხორციელდეს ნაწილობრივ მაინც უნდა შეიცვალოს რუსეთის საგარეო პოლიტიკა. სანამ პუტინი პრეზიდენტია, მე ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს.
_ შევძლებთ ნატოში შესვლას ისე, რომ რუსეთის ბაზარიც დავიბრუნოთ და ურთიერთობაც დავალაგოთ?
_ ხელისუფლებას შეიძლება სჯერა, რომ ეს შესაძლებელია. თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებაც ასე იყო განწყობილი და რა გამოუვიდა, ვნახეთ.
_ რა უნდა დავთმოთ რუსეთთან და რის სანაცვლოდ?
_ ჩვენ დასათმობი დაგვრჩა ჩვენი პროდასავლური კურსი, იმედია ამას არ დავთმობთ და არ ვიცი, რა რის სანაცვლო, რაც შეიძლება დავთმოთ. რუსულ ბაზარზე დაბრუნება ამად ნამდვილად არ ღირს. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ბაზარი არც ისე საიმედოა - ნებისმიერ დროს დაგვიხურავს ონიშჩენკო. უფრო მეტიც - ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტი არც ისე დიდ მოგებას მოგვცემს, როგორც ეს ახლა ზოგიერთს ჰგონია.
_ რუსი დეპუტატები პოზიტიურად შეხვედნენ გადაწყვეტილებას რუსულ-ქართული მხარის პირველ შეხვედრასთან დაკავშირებით, თქვენ რას ელოდებით?
_ მე ველი რთულ მოლაპარაკებებს. რაც უფრო მტკიცედ იქნება საქართველო თავის პოზიციაზე, უფრო რთული იქნება ეს მოლაპარაკებები.
_ აშშ-მ შეიძლება ,,გადატვირთვის პოლიტიკას'' გადახედოს. ეს რას შეცვლის საქართველოსთვის?
_ პუტინი თანდათანობით ემსგავსება რუსეთის კიდევ ერთ ცნობილ მმართველს, მეფე ნიკოლოზ პირველს. იგი წყდება რეალობას და ვერ აცნობიერებს, რომ მისი პოლიტიკური სისტემა დალპა. ნიკოლოზის დრონდელი რუსეთი ახლანდელზე გაცილებით ძლიერი იყო, მაგრამ რეალობას მოწყვეტილმა მმართველმა იგი კატასტროფის პირას მიიყვანა.
ჟანა ასანიძე
სპეციალურად ,,ნიუპოსტისათვის“
მასალის გამოყენების პირობები






