სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სუბარის უწყების შემოწმება სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ გადაწყდა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს სამინისტროში მიღებულ იქნა სახალხო დამცველის მომართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისთვის დაბრკოლების ხელოვნურად შექმნის შესახებ.
აღნიშნული მომართვის საფუძველზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. შემოწმების დასრულების შემდეგ, შესაბამისი დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ომბუდსმენის ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში მონიტორინგის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ.უჩა ნანუაშვილი სუბარის უწყების წარმომადგენლების მხრიდან ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
"სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულებაში თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართა ჩვენს წარმომადგენლებს და მოუწოდა, საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და მას შემდეგ, რაც მათ სიტუაციის გარკვევა სცადეს, თანანმშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და ჩვენს წარმომადგენელს კარი გარედან ჩაუკეტა“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






