ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ უკანონო რეფერენდუმს არ აღიარებს.
"დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართული ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მოხდა და ქვეყნის დაყოფისა და შემდგომი არეულობებისკენ არის მიმართული", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
მისივე განცხადებით, აშშ კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს 25 მაისს უკრაინაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 11 მაისს ე.წ. რეფერენდუმი გაიმართა რეგიონის სტატუსის თაობაზე. დონეცკელ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის რომან ლიაგინის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 89,07%-მა მხარი დაუჭირა ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებას, ლუგანსკში კი ე.წ. რეფერენდუმის მონაწილეთა თითქმის 95%-მა მხარი დაუჭირა თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.
მასალის გამოყენების პირობები






