გუშინ NDI -ის კვლევამ აჩვენა, რომ მინისტრთა კაბინეტში ყველაზე რეიტინგული თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა. მას საზოგადოების მხრიდან პრემიერზე დიდი მოწონება აქვს. ბოლო დროს სწორედ ამ ორ ადამიანს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ პოლიტიკურ კულუარებში. იმასაც ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სწორედ ირაკლი ალასანია იქნება ერთ-ერთი ვინც მინისტრთა კაბინეტს დატოვებს.
თუმცა ნიუპოსტთან საუბარში ექსპერტი ნიკა ჩიტიძე ამბობს, რომ თუ ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს, ეს წამგებიანი იქნება ირაკლი ღარიბაშვილისთვის.
ჩიტიძის თქმით, ყველაზე რეიტინგული მინისტრის წასვლა ასევე ცუდათ აისახება ზოგადად მთავრობის რეიტინგზე.
რაც შეეხება დაპირისპირებას, ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილსა და ალასანიას შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდეს.
"მათ შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე არსებულმა დაპირისპირებამ გარკვეული დაღი დაასვას დღევანდელ ურთიერთობას. მე მაინც იმედი მაქვს, რომ პრემიერი და თავდაცვის მინისტრი კოორდინირებულად იმოქმედებენ. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას შესაძლო წასვლას მთავრობიდან, შესაძლებელია ეს მოხდეს, მაგრამ ეს იქნება ღარიბაშვილისთვის და ქვეყნისთვის წამგებიანი. როდესაც ესეთი მაღალი თანამდებობის პირი თავისუფლდება თანამდებობიდან საზოგადოება ამას ცუდათ აღიქვამს და არ არის გამორიცხული მმართველი გუნდის რეიტინგიც დაეცეს. იმედია ეს არ მოხდება, რადგან ღარიბაშვილის რეიტინგი დაეცემა. ბევრი იფიქრებს, რომ თავდაცვის მინისტრი გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ მისი რეიტინგი იყო მაღალი და თავდაცვის მინისტრი პრემიერს ჩრდილავდა", - აცხადებს ჩიტიძე.
ჯერჯერობით კვლევის შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებია პრემიერს, თუმცა კვლევას უნდობლობა უკვე გამოუცხადა მთავრობამ. ნიკა ჩიტიძე არ გამორიცხავს, რომ კვლევის შედეგებით გაღიზიანებული იყო თავად პრემიერიც.
"ადამიანის ფსიქოლოგიაა, რომ როდესაც მაღალი თანამდებობის პირი იჩრდილება და მას ჩრდილავს მასზე დაბლა მდგომი პირი, ცოტა გაღიზიანებას იწვევს. ეს თეორიულად, თუმცა მე ვერ გეტყვი რა რეაქცია ჰქონდა ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს. როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, მთავარია მიზეზთა ცოდნა. უნდა არსებობდეს კონკრეტული მიზეზი რის გამოც ბატონ ირაკლი ალასანიას გააჩნია მაღალი რეიტინგი . ბევრი ალბათ თვლის, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით სწორი ნაბიჯები იდგა გადადგმული. ასევე მოსახლეობის ნაწილი ალბათ დადებითად აფასებს ქართული ჯარის საერთაშორისო როლს. შეიძლება ამან გამოიწვია ის, რომ ალასანია აღიქმება ყველაზე რეიტინგულ მინისტრად", - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ.
ჩიტიძე ასევე თავდაცვის მინისტრის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოში ნატოს თავდაცვის სისტემის განთავსება უნდა მოხდეს. ექსპერტი იდეას დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმებული უნდა ყოფილიყო პრეზიდენტთან, როგორც ქვეყნის მთავარსარდალთან.
"თავდაცვის მინისტრის ინიციატივა მისაღებია, რადგან რაც უფრო მეტი ნატო-ს ობიექტი განთავსდება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს დადებით ასახვას ჰპოვებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. თუმცა საჭიროა კოორდინირებული მოქმედება. ნებისმიერი განცხადების გაკეთების დროს აუცილებელია კოორდინირებული უწყებათაშორისი მუშაობა. რა მოხდა და რატომ არ იყო უშიშროების საბჭო ამ საკითხზე ინფორმირებული ვერ გეტყვით. შეიძლება ბატონ ირაკლის პირადი მოსაზრება გააჩნდა ნატოს ჯარებთან დაკავშირებით. ბუნებრივია სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ასევე ქვეყნის მთავარსარდალია, საქმის კურსში უნდა იყოს", - აცხადებს ნიკა ჩიტიძე.
მასალის გამოყენების პირობები






