მუხროვანის საქმეზე დაკავებულ ლევან ტაბიძეს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ რა მუხლით დაადანაშაულებს გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
ვლადიმერ გაბრიჩიძის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ტაბიძის უდანაშაულობას დაადასტურებს. მისივე ინფორმაციით, ტაბიძის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად კობა ოთანაძის ოჯახმა გასამრჯელო მიიღო.
„აღნიშნულ საქმეზე ე.წ. ამბოხებულების დაკავება მოხდა სწორედ ოთანაძის ოჯახის წევრების აქტიური დახმარების შედეგად, რაშიც მათ აქვთ სოლიდური გასამრჯელო აღებული. დღევანდელი საქმე მთლიანად გამყარებულია ბატონი ოთანაძის ოჯახის წევრების ჩვენებაზე, რომელიც ამბობენ, რომ თითქოს ჩვენებები, რომელიც მათ მისცეს ამ საქმეზე, იყო გამოძალვით მიღებული, რასაც ბატონი ლევანი უარყოფს. ის თვლის, რომ ამ ჩვენებების სანაცვლოდ ბატონი ოთანაძის ოჯახის წევრებს გასამრჯელო აქვთ მიღებული. არსებობს ოფიციალური ხელწერილები თანხის მიღების თაობაზე“, - აცხადებს ადვოკატი ვლადიმერ გაბრიჩიძე.
პროკურატურამ წამების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე შ.ს. სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე გუშინ დააკავა. დაკავებიდან რამდენიმე წუთში კობა ოთანაძის ოჯახის ახლობლის კომენტარი გავრცელდა. ნათია ზარიძემ ე.წ. მოდულის შენობაში მათი დაკითხვის დეტალები გაიხსენა.
„ერთი თვის ორსული ვიყავი, ისე მცემეს, მუცელი მომეშალა. ცხვირი გამიტეხეს. ჩემს ერთი წლის ძმისშვილს შემოიყვანდნენ, ფეხებით დაკიდებდნენ და ატირებდნენ, მაგინებდნენ. ეს ყველაფერი მოდულის შენობაში ხდებოდა. ლევან ტაბიძის გარდა, იქ 25 სპეცნაზელი იყო. ვეღარ ვუძლებდი, პატარა მარიამის ჩხავილს..“, - იხსენებს ნათია ზარიძე.
მასალის გამოყენების პირობები






