უკრაინის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არსენ იაცენიუკი რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ვლადიმერ პუტინმა 11 მაისს აღმოსავლეთ უკრაინაში დაგეგმილი რეფერენდუმის გადადება მოითხოვა.
იაცენიუკის თქმით, პუტინი „ჰაერით ვაჭრობს“ და მსგავსი საქციელი დიდი ქვეყნის პრეზიდენტს არ შეეფერება.
„ვლადიმერ ვლადიმერის ძე, ჰაერით ვაჭრობა არ გიხდებათ, რადგან დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ხართ. ის, რომ რუსეთი მოუწოდებს სეპარატისტებს რეფერენდუმის ჩატარების გადატანისკენ, რომელიც 11 მაისისთვის იგეგმებოდა, არასერიოზულია. მინდა იცოდეს რუსეთის პრეზიდენტმა, რომ უკრაინაში არანაირი რეფერენდუმი არ იყო დაგეგმილი. მაგრამ თუკი სეპარატისტებმა, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ მიიღეს ბრძანება არარსებული რეფერენდუმი გადაიტანონ, ეს მათი საქმეა“, - განაცხადა იაცენიუკმა .
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში 11 მაისის რეფერენდუმის გადადება ითხოვა.
პუტინი მიიჩნევს, რომ კიევის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები თავისთავად არის სწორი მიმართულებით მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები






