ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აკეთებს. „ნიუპოსტთან“ საუბრისას ლაგაზიძემ განაცხადა, რომ არ არის გარანტია იმისა, რომ „რუსთავი 2“-ის მსგავსად სხვა მედიასაშუალებებიც არ დადგნენ მსგავსი ფაქტის წინაშე:
„იმაზე საუბარი, ფარსია თუ არ არის ფარსი ეს ყველაფერი, ჩემი კომპეტენცია არ არის და ეს უნდა დაადგინონ შესაბამისმა უწყებებმა, დაიწყოს გამოძიება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, რომლის მიმართაც ნდობა შეიძლება არ იყოს მაღალი, არ იქნებოდა ურიგო, რომ საზოგადოებას შეექმნა, რაღაც ალტერნატიული კომისია, რომლის მიმართაც ნდობა უფრო მაღალი იქნებოდა და რომელიც დაადგენდა რეალობას. იმ ფონზე, როცა არსებობდა კამპანია მოსმენების წინააღმდეგ „ეს შენ გეხება“, ამ ინფორმაციის გამოქვეყნება არის ძალიან სერიოზული დარტყმა უპირველესად ხელისუფლებისთვის. იმიტომ, რომ ეს გამოდის პირდაპირ მედიის წინააღმდეგ ბრძოლა. სხვა გვარად როგორ შეიძლება აიხსნას, ტელეკომპანიის მენეჯმენტის მოსმენებისა და ჩანაწერების გაკეთება?“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ექსპერტის შეფასებით, მოსმენების არსებობა „იშვიათი ხილი არ არის“, საზოგადოებას კი ჯანსაღი რეაქცია უნდა ჰქონდეს მსგავს ფაქტთან დაკავშირებით:
„ის, რომ მოსმენები დღეს არ არის იშვიათი ხილი, ეს ყველამ, ვინც ოდნავ საზოგადოებრივად აქტიურია, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ისიც ყველას თავის თავზე აქვს გამოცდილი, რომ გარდა იმისა, რომ უსმენენ, ინფორმაციაც გამოდის ამ მოსმენების შესახებ. დღეს ამ ფაქტით ორ უბედურებასთან გვაქვს საქმე, ერთი ის, რომ მედიას უსმენენ და მე არ მინდა, რომ ამან დამოუკიდებელი მედიის შანტაჟის ფორმა მიიღოს, ეს იქნება ყველაზე მძიმე რამ და პროფესიონალიზმზე ზეწოლის და შანტაჟის ფაქტი.
ადამიანები, რომლებიც აგრესიულად არიან განწყობილნი „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, ამ აგრესიას არ მალავენ „რუსთავი 2“-ის მიმართაც და გარკვეულ უკმაყოფილებასაც გამოთქვამენ. მე მინდა გავახსენო იგივე ცხრა წლიანი მმართველობა საზოგადოებას, როდესაც საზოგადოება ასეთი ყიჟინით ხვდებოდა ადამიანების დასჯას და შემდგომ ეს ადამიანები თავად გახდნენ სადამსჯელო ოპერაციების მსხვერპლნი. დღეს ცოტა იმპროვიზაციის უნარი გამოიჩინონ და ნუ ყიჟინებენ უაზროდ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე, იმიტომ, რომ ეს მოქმედებები მათ ოჯახებს მიუბრუნდებათ. თუ საზოგადოება არ მიხვდა რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ლაგაზიძემ.
მისივე განცხადებით, თუ მსგავსმა ინფორმაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონა, არ არის გარანტია იმისა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქვეყნის გარეთ არ გავა, რასაც დამანგრეველი ეფექტი ექნება:
„თავისუფალ მედიასთან მიმართებაში ხდება თუ არა ასეთი რამ, ეს თავისთავად უნდა დაადგინოს საგამოძიებო ორგანოებმა. რადგან ეს ფაქტი არსებობს, საზოგადოების ასეთი ავადმყოფური რეაქცია, ისევ ამ საზოგადოებას მოუბრუნდება ძალიან ცუდად. თუ დღეს რეალურად არ შევაფასეთ ეს ფაქტი, იგივე დაემუქრება ხვალ სხვა მედიასაშუალებას.
თუ რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროდან იქნა გამოტანილი ეს ინფორმაცია, ესეც უნდა იყოს გამოძიებული, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობს გარანტია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც არ გამოვა გარეთ. რა მნიშვნელობა აქვს, თუ ადამიანებს ხელი მიუწვდებათ მსგავს ცნობებზე და გამოდის ქვეყნის შიგნით, რა გარანტიაა, რომ ამ ადამიენებს ეს ინფორმაცია არ გააქვთ ქვეყნის გარეთ, რაც გაცილებით დამანგრეველი ეფექტის მქონე იქნება. ორმხრივად დამაფიქრებელი და გამოსაკვლევია ის ინფორმაცია, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ.“, - განმარტა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროს, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






