სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს შოთა თორაძეს პატიმრის მიმართ განხორციელებულ პირად ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პატიმარ გიორგი ჯელაძის დედამ დალი არჩვაძემ და ადვოკატმა კოტე ინაშვილმა შოთა თორაძის მხრიდან, პატიმარზე განხორციელებული პირადი ანგარიშწორების დეტალებზე ისაუბრეს.
„ჩემს შვილთან, გიორგი ჯელაძესათან 23 აპრილს შევიდა დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურის გამომძიებელი. მან გამომძიებელს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია 2005 წელს მისი წამების შესახებ და დაასახელა წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები: ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, გოგა ონიანი და შოთა თორაძე. მეორე დღეს მასთან მივიდა შოთა თორაძე და ჩემს შვილს ჩვენებაზე პასუხი მოსთხოვა და ჰკითხა თუ რატომ ჩიოდა მის წინააღმდეგ. ჩემმა შვილმა კი მას აუხსნა, რომ გააჩნია დამამტკიცებელი საბუთი, რომ თორაძე მონაწილეობას იღებდა მის წამებაში. ამით გაღიზიანდა ეს პიროვნება... კვირას, დილის 6 საათზე ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გადაკეტეს პატიმრები, გათიშეს ტელეფონები და გამოიყვანეს. ჩხრეკის მიზნით გააშიშვლეს და დასცინოდნენ. შემდეგ მისცეს ტრუსები და წინდები და ღია ტიპის დაწესებულებიდან გადაიყვანეს სასაჯელაღსრულების მეექვსე დახურული ტიპის დაწესებულებაში", - განაცხადა დალი არჩვაძემ.
პატიმრის დედისა და ადვოკატის განცახდებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
გიორგი ჯელაძე 2004 წელს დააკავეს. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს და 18 წელი აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები






