თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ირაკლი კაკაბაძის დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
უფლებადამცველს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კითხავენ. საუბარია კაკაბაძესა და დათა ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე.
"ბატონ ზაქარეიშვილს უნდა წარედგინა მტკიცებულებები. ზუსტად არ ვიცი რასთან დაკავშირებით მოხდება ჩემი დაკითხვა. შეიძლება ზურაბ ჟვანიას, ან სხვა საქმეებზეც იყოს ლაპარაკი მე არ ვიცი", - განაცხადა დაკითხვაზე შესვლამდე ირაკლი კაკაბაძემ.
რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ ინციდენტი მოხდა.
ადგილზე შეკრებილები იყვნენ ირაკლი კაკაბაძე, სანდრო გირგვლიანის მამა , დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე პირი, რომელებიც სასამართლო დარბაზიდან გამოსულ დათა ახალაიას ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ირაკლი კაკაბაძემ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს შეაფურხა. თუმცა ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია და ვითარება მალევე განიმუხტა.
მასალის გამოყენების პირობები






