"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" შსს-ს და მთავარ პროკურატურას საქართველოდან საზღვარგარეთ ჩვილი ბავშვების უკანონოდ გაყვანის თაობაზე გამოძიების ეფექტურად წარმართვისკენ მოუწოდებს.
კახა კოჟორიძის განცხადებით, საია-ს ასოციაცია "მომავლის იმედმა" მიმართა, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეხება სწორედ ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბებას, მათი საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით.
კოჟორიძის თქმით, "მომავლის იმედის" მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლებში აღნიშნული ფაქტის 20-მდე შემთხევაა გამოვლენილი.
„საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა ასოციაცია ,,მომავლის იმედმა", რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ეხება ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბებას მათი საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით. ,,მომავლის იმედის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დანაშაულის სქემა ასე მუშაობდა: ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით, მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში. ამის შემდეგ, სუროგატ დედებს აიძულებდნენ დაეფარათ სუროგაციის ფაქტი, დარეგისტრირებულიყვნენ კანონიერ დედებად და მამად დაესახელებინათ ის უცხოელი, რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი. ასოციაცია ,,მომავლის იმედის“ მიერ საიასათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე თვეა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 3441 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ყალბი საბუთების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, საგამოძიებო ორგანოები ამ დრომდე მხოლოდ საქმის აღძვრით შემოიფარგლნენ და კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე დაწყებული არ არის. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა იკვეთებოდეს დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც დამატებით დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში გამოძება უნდა მიმდინარეობდეს 3441-ის მე-3 ნაწილით, ნაცვლად მე-2 ნაწილისა. ასევე შესაძლებელია გამოიკვეთოს სხვა დანაშაულის ნიშნებიც. საქმის მნიშვნელობიდან, ბავშვთა უფლებების სენსიტიურობიდან და მსგავსი დანაშაულის სამომავლო პრევენციის აუცილებლობიდან გამომდინარე, საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, უზრუნველყონ საქმეზე სწრაფი, ობიექტური და ეფექტური გამოძიების წარმართვა“, - ნათქვაია საია- ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






