აღნიშნული განცხადება გოგიტა გაბაიძემ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდების მხარის მოწმე – სასჯელაღსრულების მინისტრის მოქმედი მოადგილე გიგა გიორგაძე სასამართლოს წინაშე კონტექსტიდან ამოვარდნილი ჩვენებით წარსდგა.
"გიორგაძემ სასამართლოზე განაცხადა, თითქოს ალექსანდრე ფარულავას ურეკავდა გიგი უგულავა და ეს მოისმინა მან ალექსანდრე ფარულავასგან, თითქოს მითითებებს იძლეოდა გიგი უგულავა, თუ როგორ უნდა წარემართა ვახო სანაიას გადაცემა "ტელეიმედში". ეს არის სიცრუე, რადგან ალექსანდრე ფარულავა დაცვის მხარის მიერ გამოკითხულია და მან კატეგორიულად უარყო მსგავსი ტიპის განცხადება და აღნიშნა, რომ მას არაფერი უთქვამს გიგა გიორგაძისთვის. გიორგაძემ ასევე დღევანდელ ჩვენებაში განაცხადა, რომ ნანა ინწკირველსაც მითითებებს აძლევდა ზურაბ ადეიშვილი. ჩვენ გამოვკითხეთ ნანა ინწკირველიც, რომელიც როცა დრო მოვა დაცვის მოწმეების დაკითხვისას სასამართლოს განუცხადებს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. გიგა გიორგაძე იყო ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, რომელმაც სასამართლოზე იცრუა", - აღნიშნა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ.
გიგა გიორგაძემ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები "ტელეიმედის" საქმიანობაში ერეოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






