
კუდ-ის ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას ყოფილი თანამშრომლები უკანონო ბრძანების გაცემაში ადანაშაულებენ.
შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების - შოთა ხიზანიშვილის, ლევან ქარდავას და ვაჟა ლელუაშვილის დღევანდელ პროცესზე საქმის მოწმეებმა განაცხადეს, რომ ქარდავამ ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის ბესიკ სურმავას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გაკეთების ბრძანება გასცა.
ერთ-ერთმა მოწმის ზაალ მაისურაძის თქმით, მან სწორედ ლევან ქარდავასგან მიიღო დავალება გაეგო რა ხდებოდა ერთ-ერთ ოპოზიციურ ძალაში.
გარდა ამისა, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის თქმით, სასამართლოს ნებართვით მიმდინარეობდა ბესიკ სურმავას სატელეფონო საუბრის მოსმენა, მისი გადმობირების დავალება კი ლევან ქარდავამ გასცა. ასევე მან გასცა დავალება მოეხდინათ ვიდეოგადაღება, რომელიც განხორციელდა ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც სურმავა თავის მეგობარ ქალთან ერთად იმყოფებოდა. კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის თქმით, ისინი სურმავას გადმობირებისა და მათთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ფულსაც შეპირდნენ.
ასევე, მოწმე იხსენებს, რომ მათ სურმავას დაბადების დღეც კი გადაუხადეს.
კიდევ ერთმა მოწმემ ვახტანგ ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მათ იცოდნენ, რომ სურმავა სასტუმროში ქალს უნდა შეხვედროდა და ეს იყო მისი პირადი ცხოვრება, თუმცა მათ ვიდეოგადაღება მაინც მოახდინეს. ვიოდეომასა კი ნახა ასევე ქარდავამ და გადაწყდა, რომ ეს კადრები სურმავას გადმობირებაში დაეხმარებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სურმავას უთხრეს, რომ ეს კადრები ინტერნეტში დაიდებოდა.
ბოჭორიშვილის ინფორმაციით, სურმავას თანამშრომლობისთვის 150 ათასი ევრო გადაუხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მომდევნო სასამართლო პროცესი 13 მაისს, 11:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






