სამეგრელოს ახალგაზრდული ცენტრის სახელით ანი წითლიძემ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელის თემაზე საკუთარი პოზიცია დღეს საინფორმაციო სააგენტო „FrontNews"-ის პრეს–კლუბში სტუმრობისას განაცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას უკვე მიმართეს.
„მოგმართავთ დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის სახელით, რომელიც შორს დგას ყოველგვარი პოლიტიკური ამბიციისგან და დაპირისპირებისგან. მოგმართავთ, როგორც მომავალი თაობა, ახალგაზრდები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონული განვითარება. დასავლეთ საქართველო ყოველთვის იყო და არის მთავარი გარანტი ქართული სახელწიფობრიობის განვითარებისა და განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა და შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ წინსვლაში. ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭება – ესაა შანსი სრულიად საქართველოსთვის, განავითაროს რეგიონები, ძლიერი რეგიონები კი, თავის მხრივ, ძლიერი საქართველოს საწინდარია. რეგიონების განვითარება მხოლოდ მსგავსი ტიპის დეცენტრალიზაციითაა შესაძლებელი. ეს ასევე იმედია ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, დარჩეს საკუთარ რეგიონში და მას ადგილზე ემსახუროს. ტენდენცია „ყველაფერი თბილისში" ვერ იქნება საფუძველი იმ ერთ–ერთი მთვარი დემოკრატიული პრინციპისა, რომელსაც დეცენტრალიზაცია ჰქვია და ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოებისათვის არ შეიძლება, გადაწყდეს სამოქალაქო აზრის გაუთვალისწინებლად. მოგმართავთ თხოვნით, შეძლოთ, პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე მიუდგეთ პარლამენტის ქუთაისში დატოვების საკითხს, რადგან ამ დრომდე მოსმენილი ყველა არგუმენტი გაუგებარია და საფუძველს მოკლებული" – განაცხადეს ახალგაზრდებმა.
მათ იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა ახალგაზრდების იგნორირების ტენდენციას არ გააგრძელებს და მიიღებს ამსაკითხში კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივად გამართლებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
,,ჩვენ მზად ვართ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდეთ ყველა კომპეტენტურ პირს, საქართველოს პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას,'' - განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა ანი წითლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






