ყრიმის კრიზისის დროს რუსეთმა მთელი მსოფლიო „შოკში“ ჩააგდო მომზადების დონით და თავისი სპეცდანაყოფების აღჭურვილობით, და ამ, მისი არმიის „რადიკალურ გაუმჯობესებაში“ მონაწილეობდნენ გერმანული ფირმები, წერს The Daily Beast. ასეთი ინფორმაცია კორესპონდენტმა ჯოშ როგინმა აშშ-ის კონგრესის სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ანგარიშიდან და ამერიკული სადაზვერვო სამსახურისა და სენატის არდასახელებული თანამშრომლებისაგან შეიტყო.
„2011 წელს გერმანულმა სამხედრო კონტრაქტორმა Rheinmetall-მა, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში, მულინოში, 140 მილიონი დოლარის ღირებულების, საბრძოლო მოქმედებების სიმულატორიანი მოსამზადებელი ცენტრის აშენებაზე ხელი მოაწერა, - ნათქვამია სტატიაში. - ვარაუდობდნენ, რომ მასში, ერთი წლის მანძილზე, 30 ათასი რუსი ჯარისკაცის გაწვრთნა იქნებოდა შესაძლებელი. Rheinmetall პროექტის გახორციელებას ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგაც განაგრძობდა, იმ მომენტამდე, როდესაც გერმანიის ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს, გასული თვის ბოლოს, დახურა“.
Rheinmetall რუსეთთან სხვა კონტრაქტების დადებასაც გეგმავდა. გერმანულ ფირმაში კომენტარის გაკეთების თხოვნაზე უარი განაცხადეს.
„ბევრი იმათთაგანი, ვინც ამერიკის ხელისუფლებაში ამ საკითხს მეთვალყურეობდა, უკმაყოფილოა, თუ როგორ მოიქცა გერმანია. მათ აწუხებთ ის, რომ საწვრთნელი ღონისძიებების ნაწილი მოდიოდა ისეთი ტიპის სპეცდანაყოფებზე, როგორებიც ახლა უკრაინასა და მის საზღვრებთან მოქმედებენ“, - წერს როგინი.
კორესპონდენტი სენატიდან ერთ-ერთ მაღალჩინოსან მრჩეველს ციტირებს: „ის ფაქტი, რომ გერმანული კომპანიები უშუალოდ უჭერდნენ მხარს და რუსულ არმიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პერიოდში წვრთნიდნენ, დასანანია. ამერიკის მთავრობამ უნდა მოუწოდოს ჩვენ მოკავშირეებს ნატოში შეწყვიტონ ახლა რუსეთთან ყველა კავშირი სამხედრო ხაზით, სანამ რუსები არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას, ყირიმის ჩათვლით“.
„ზოგიერთები კაპიტოლიუმის ბორცვზე“ პრობლემას მხოლოდ გერმანიის მოქმედებაში არ ხედავენ და მიანიშნებენ „ნატოს რიგი ქვეყნების წინდაუხედავობაზე, რომლებიც, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში „გადატვირთვის“ ახალი კურსი გამოაცხადა, მასთან მივარდნენ მომგებიანი თავდაცვითი კონტრაქტების დასადებად“, - იუწყება როგინი და იხსენებს ფრანგული „მისტრალლის“ ვერტმფრენმზიდების მშენებლობას და იტალიური ჯავშანტრანსპორტიორების „ლინკსების“ მიწოდებას.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსული არმიის მოდერნიზაცია ამერიკული დაზვერვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ჩვენ ამისათვის მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია, - აღიარა Brookings Institution-ის თანამშრომელმა ფიონა ჰილმა.- სიგნალები დიდი ხანია მოდიოდა, მაგრამ ჩვენ მათ არასწორად ვუკეთებდით ინტერპრეტირებას“.
ახლა თავდაცვითი უწყებების სათავეში აღიარებენ, რომ „რუსულმა არმიამ, ბოლო წლებში, რევოლუციური ხასიათის ცვლილებები განიცადა“, ნათქვამია სტატიაში. საუბარია არამხოლოდ აღჭურვილობის მოდერნიზაციაზე (საზღვარგარეთელი დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ შეიარაღებაზე, დამცავ ამუნიციასა და კავშირგაბმულობის მოწყობილობებზე), არამედ სამხედრო დოქტრინის ცვლილებაზეც: რუსეთი ახლა აქცენტს აკეთებს „საუკეთესოდ მომზადებული, სწრაფი რეაგირების სპეციალური ფორმირებების გამოყენებაზე“, და ასევე ინფორმაციულ და კიბერომის წარმოებაზე.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






