აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საქმეებში, ვიქტორია ნულანდმა, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინაში დემოკრატიის გასავითარებლად 5 მილიარდი დოლარი დახარჯა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-მ უკრაინაში დემოკრატიის გასავითარებლად 5 მილიარდი დოლარი დახარჯა, ნულანდმა უპასუხა: „აშშ-მ, უკრაინაში დაახლოებით 5 მილიარდი ჩადო 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც ის, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, კვლავ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ეს ფული დაიხარჯა უკრაინელი ხალხის მიზანსწრაფვის მხარდასაჭერად, ჰყოლოდათ ძლიერი, დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენდა“, - აღნიშნა ნულანდმა.
ამასთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა: „მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვხარჯავდით ფულს მაიდნის მხარდასაჭერად. ეს სტიქიური მოძრაობა იყო, რომელიც ძლიერ განსხვავდება იმისაგან, რასაც ახლა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში აკეთებს“, - დასძინა ვიქტორია ნულანდმა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






