საყოველთაოდ აღიარებული და დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საღმრთო ცეცხლის გარდამოსვლა, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით - მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით. ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია. მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა - ამისთვის საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება. და აი, ზეციდან მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.
თაბორის მთაზე ყოველწლიურად გამოჩენილი ღრუბელი
უფლის ფერისცვალების დღეს, ძველი მართლმადიდებლური სტილით, სრულიად მოწმენდილ ცაზეც კი უსათუოდ გამოჩნდება ხოლმე ღრუბელი და თაბორის მთას ადგას მთელი დღესასწაულის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ფერიცვალებულ უფალს, რომელიც ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა აქ, ღრუბელი დაადგა თავს, რადგან ამ საღმრთო ნათელმა თვალნი დაუბრმავა მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოანეს.
მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი
კანადაში იმყოფებოდა მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ ათონის წმიდა მთიდან გადასვენებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც მირონი სდიოდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ხელთაგან. მირონის დენა წყდებოდა მხოლოდ ვნების კვირაში და აღდგომის შემდეგ კვლავ განახლდებოდა! (1997 წელს ამ ხატის მცელი იოსებ მუნიოსი მოკლეს და თვით ხატი გაიტაცეს).
წმიდა ჯვარის გამოცხადება
ათენის მახლობლად, ჯვართამაღლების დღესასწაულზე 1925 წლის 14 სექტემბერს (იულიანური კალენდრით) ცაზე მოხდა წმიდა ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადება.
იონას სასწაული - ქრისტეს დიდებული აღდგომის მომასწავებელი
წმიდა წინასწარმეტყველი იონა, რომლის ხსენებასაც 5 ოქტომბერს აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია, ისრაელთა მეფის, იერობოამ II-ის დროს მოღვაწეობდა. ღმერთმა იონა ასურელებთან, ისრაელის მტრებთან გაგზავნა ქალაქ ნინევეში და უბრძანა, ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ. იონას არ უნდოდა ისრაელთა მტრებისათვის ექადაგა და გაქცევა განიზრახა, ჩაჯდა ხომალდში და სხვა მიმართულებით, თარშისკენ წავიდა. ღვთის ბრძანებით უცებ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ხომალდზე მყოფნი ძლიერ შეშინდნენ და ევედრებოდნენ თავიანთ ღმერთებს, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ მათ წილი ყარეს, რომ შეეტყოთ, ვის გამო მოევლინათ ეს უბედურება. წილი იონას ხვდა. წინასწარმეტყველმა აღიარა თავისი დანაშაული ღვთის წინაშე და უთხრა მათ, რომ ისინი მის გამო ევნებოდნენ - ჩაეგდოთ წყალში და ქარიშხალიც ჩადგებოდა. იონა ჩააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც დაცხრა. უფლის რჩეული ვეშაპმა გადაყლაპა, მის მუცელში იყო იგი სამი დღე და სამი ღამე და ღმერთს გამოხსნას სთხოვდა. ბოლოს ღვთის ბრძანებით ვეშაპმა იგი ნაპირზე გამოაგდო. იონამ ზეგარდმო კვლავ მიიღო ბრძანება, წასულიყო ნინევეში და სინანული ექადაგა. ამჟამად წმიდანმა შეასრულა ღვთის ნება, მივიდა მტრების ქალაქში და იწყო ქადაგება, რომ სამ დღეში მათი ქალაქი დაიქცეოდა. ეს რომ ესმათ, ნინეველები სინანულში ჩავარდნენ, ძაძები შეიმოსეს, მარხვად დადგნენ, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. უფალმაც შეიწირა მათი სინანული, მიუტევა მათ შეცოდებანი და ქალაქი გადარჩა.
სამი დღე იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი ხსნა მოასწავებდა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სამ დღეს საფლავში ყოფნას და მის დიდებულ აღდგომას. მაცხოვარმა მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებიც სასწაულს ითხოვდნენ მისგან, მიმართა, „ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ“ (მთ. 12.39).
წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში. 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის
ტერეზა ნეიმანი (1896-1962). ტერეზა ნეიმანი იყო გერმანელი კათოლიკე მისტიკოსი და სტიგმატი. 1918 წლის 10 მარტს ბიძის ბეღელში გაჩენილი ხანძრის დროს ტრავმა მიიღო და ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე ტრავმა მიიღო, 1919 წელს კი მხედველობა თითქმის მთლიანად დაკარგა, თუმცა სრულად აღუდგა 1923 წლის 29 აპრილს – ეს ის დღე იყო, როცა რომში ტერეზა ლიზეელის წმინდანად შერაცხვა დაიწყო. 1926 წლის 5 მარტს, დიდი მარხვის პირველ პარასკევს, განაცხადა, რომ იესო იხილა სამ მოციქულთან ერთად ზეთისხილის მთაზე, აღდგომის კვირას კი – იესოს მკვდრეთით აღდგომა. ამის შემდეგ მომდევნო პარასკევ დღეებში ამბობდა, რომ იესოს ვნებანს საკუთარ თავზე განიცდიდა, გრძნობდა იმ ტკივილს, რაც მესიამ გადაიტანა. 1926 წლის 5 ნოემბერს თავზე, ზურგსა და მხრებზე 9 ჭრილობა გაუჩნდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ეს ჭრილობები არასდროს შეხორცებია, მაგრამ არც დაუავადებია და სიკვდილის დროსაც ისევე ჰქონდა. ამბობენ, რომ 1922-1962 წლებში ტერეზა ნეიმანი არანაირ საკვებს არ იღებდა, გარდა ზიარებისა, 1926 წლიდან კი წყალიც არ დაულევია. ამას ადასტურებენ ექიმი და 4 ფრანცისკანელი მონაზონი, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში მონაცვლეობით მუდმივად აკვირდებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ტერეზამ მხოლოდ წმინდა საკვები მიიღო და ამ პერიოდში არ დაავადებულა, არ დაუკლია წონაში, არც გამოფიტულა.

აკიტას ქანდაკება 1973 წელს ახალგაზრდა იაპონელ მონაზონს, აგნეს კაცუკო სასაგავას, ხილვები დაეწყო, წმინდა მარიამი ეცხადებოდა. 28 ივნისს მას მარცხენა ხელზე გაუჩნდა ჯვრის ფორმის ჭრილობა, საიდანაც უხვად მოსდიოდა სისხლი და დიდ ტკივილს აყენებდა. 6 ივლისს აგნესი სამლოცველოში ლოცულობდა, როცა ღვთისმშობლის ქანდაკებისგან წამოსული ხმა გაიგონა. ქანდაკება კაცურას ჯიშის ხის მორზე იყო გამოკვეთილი, სიმაღლეში დაახლოებით 1 მეტრამდე. იმავე დღეს რამდენიმე მონაზონმა შენიშნა, რომ ქანდაკებას მარჯვენა ხელიდან სისხლის წვეთები სდიოდა. სისხლისდენა 29 სექტემბერს შეწყდა. შემდეგ შენიშნეს, რომ ქანდაკებას ცვარის მსგავსი სითხე სდიოდა, განსაკუთრებით უხვად – შუბლსა და კისერზე. ორი წლის შემდეგ, 1975 წლის 4 იანვარს, ღვთისმშობლის ქანდაკებას ცრემლები წამოუვიდა. ცრემლდენა გარკვეული ინტერვალით მეორდებოდა 6 წლისა და 8 თვის განმავლობაში. აკიტას უნივერსიტეტის პროფესორმა მედიცინის დარგში, დოქტორმა საგისაკამ შეამოწმა ქანდაკებიდან აღებული ცრემლები და სისხლი და დაადასტურა, რომ ისინი ადამიანური წარმოშობის იყო. ამ მოვლენების დროს აგნესი აბსოლუტური სიყრუისგან განიკურნა.
წმინდა მარიამი ლურდესში ღვთისმშობლის გამოცხადებები საფრანგეთში, ლურდესის კომუნაში1858 წლის 11 თებერვლიდან დაიწყო. პირველად ის 14 წლის გოგონამ, ბერნადეტა სუბირუმი იხილა მასაბიელის გამოქვაბულში, როცა დასთან და მეგობართან ერთად შეშას აგროვებდა. სახლში მისვლისას მან ეს ამბავი დედას მოუთხრო. იმ წელს მსგავსი რამ 17-ჯერ განმეორდა. ერთ-ერთი გამოცხადების დროს ბერნადეტას წმინდა მარიამმა უბრძანა, კლდესთან ახლოს ამოეთხარა და იქიდან ამოსული წყაროს წყალი დაელია. მითითებულ ადგილას ტალახიანი გუბე იყო, მაგრამ როცა ბერნადეტამ თხრა დაიწყო, იქიდან სუფთა წყალმა ამოხეთქა – ეს იყო გამოქვაბულში არსებული წყლის მარაგი. მას შემდეგ ამ ადგილს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, ფიქსირდება წყაროთი განკურნების შემთხვევებიც.
იოსებ კუპერტინოელი, „მფრინავი წმინდანი“ იოსებ კუპერტინოელი იტალიელი წმინდანია. ის ითვლება საჰაერო მოგზაურთა, მფრინავთა, გონებრივად შეზღუდულთა მფარველად. 1630 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ კუპერტინოში წმინდა ფრანცისკ ასიზელის ხსენების დღეს აღნიშნავდნენ. იოსები სხვებს ეხმარებოდა პროცესიაში, როცა უეცრად ჰაერში აიწია და უამრავი ადამიანის წინაშე ასე დარჩა. როცა დაეშვა და გაიაზრა, რა მოხდა, შეცბუნდა, დაიბნა და სახლში გაიქცა დასამალად. ეს იყო პირველი შემთხვევა იმ მრავალი ფრენიდან, რომლის გამოც მას შეარქვეს „მფრინავი წმინდანი“. მათგან ყველაზე ცნობილი იყო რომის პაპ ურბან VIII-ს გამოსვლის დროს. როცა იოსებმა დაიჩოქა, რათა პაპს ტერფზე მთხვეოდა, მოულოდნელად მისი სხეული ჰაერში ალივლივდა. 1663 წელს, ბოლო მესის დროს, მას რამდენჯერმე ჰქონდა ხილვა და ლევიტაციის გამოვლინებები, რაც ათასობით ადამიანმა იხილა.
ხუან დიეგო. ხუან დიეგო კუაუჰტლატოატცინი მექსიკის ადგილობრივი მკვიდრი გლეხი იყო, რომელმაც 1531 წელს ღვთისმშობელი იხილა. 12 დეკემბერს, როცა მომაკვდავი ბიძისთვის მღვდელს ეძებდა, ტეპეიაკის უდაბნოში გავლისას ხილვა ჰქონდა, რომლის დროსაც გაიგო, რომ ბიძამისს არაფერი ემუქრებოდა. ასევე მიიღო მითითება, რომ სადაც იმყოფებოდა, ტეპეიაკის გორაკზე, ეკლესია უნდა აეშენებინა. ხუან დიეგო ადგილობრივ ეპისკოპოსთან მივიდა და ნანახი უამბო, თუმცა მან მტკიცებულება მოსთხოვა. ხუან დიეგო დაუბრუნდა იმავე ადგილს და ისევ ხილვა ჰქონდა. ღვთისმშობელმა უთხრა: „წაიღე ვარდები, შენს უკან რომ ამოსულან.“ ხუან დიეგომ ვარდები მოჭრა, ლაბადაში გაახვია და წაიღო. ეპისკოპოსს რომ მიუტანა და გახსნა, ვარდების მაგივრად ღვთისმშობლის ხატი იყო. დღეს ამ ხატს გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატს უწოდებენ. ეპისკოპოსი მუხლებზე დაეცა, აღიარა სასწაული და 2 კვირაში მშენებლობის დაწყება ბრძანა.
მზის სასწაული. სწორედ ასე ეწოდება იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1917 წლის 13 ოქტომბერს პორტუგალიის ქალაქ ფატიმასთან ახლოს. 1917 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, სამი მწყემსი ბიჭი ირწმუნებოდა, რომ წმინდა მარიამს ესაუბრებოდნენ. თვეების განმავლობაში პორტუგალიური გაზეთები ავრცელებდნენ მათ წინასწარმეტყველებას, რომ 13 ოქტომბერს სასწაული მოხდებოდა და წმინდა მარიამი ხალხის წინაშე გამოჩნდებოდა. 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა გამოცხადების მოლოდინში. თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით, თავსხმა წვიმის შემდეგ შავი ღრუბლები გაიხსნა და მზემ გამოანათა. ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით სუსტად ანათებდა, შემდეგ კი ზიგზაგის ფორმით დედამიწის მიმართულებით დაიწყო დახრა. ამან ხალხი შეაშინა, რადგან იფიქრეს, რომ ეს აპოკალიფსს მოასწავებდა. ზოგიერთი დამსწრეს თქმით, მათი სველი და გალუმპული ტანისამოსი მოულოდნელად მთლიანად გაშრა. მოვლენა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და მხილველთა რწმენით, იყო სწორედ ის მოვლენა, რაზეც ბავშვები საუბრობდნენ – მათ ღვთისმშობელი იხილეს.
მასალის გამოყენების პირობები






