რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა წინააღმდეგ ტანკებისა და ავიაციის გამოყენება კიევის ახლანდელი მთავრობის კიდევ ერთი შეცდომაა.
როგორც ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობასთან "პირდაპირი ხაზის" დროს განაცხადა, უკრაინის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ ხალხთან მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს.
"უკრაინაში მოხდა ლეგიტიმური ხელისუფლების არაკონსტიტუცირი დამხობა, რაც ზოგს მოეწონა, ზოგს – არა. აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხი დაფიქრდა თავის მომავალზე. ისინი შეშინდნენ, რომ წაართმევდნენ ენას, წარმომავლობას. იმის მაგივრად, რომ ხალხთან დიალოგი გაემართათ, კიევიდან თავიანთი ხალხი ოლიგარქები გააგზავნეს ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოსტებზე სამუშაოდ. ხალხის წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყეს. მეტიც, მოქალაქეების წინააღმდეგ ტანკები და ავიაცია გააგზავნეს. რაც კიევის ამჟამინდელი მთავრობის კიდევ ერთი შეცდომაა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევაში დღეს გასამართი ოთხმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დავფიქრდეთ გამოსავალზე. ხალხს შევთავაზოთ ნამდვილი დიალოგი, ხალხს უნდა ველაპარაკოთ და ვიპოვოთ გამოსავალი. მხოლოდ დიალოგის, დემოკრატიული პროცედურების გზით მოგვარდება პრობლემა და არა ტანკებისა და ავიაციების გზით", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






