საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ ინციდენტი მოხდა.
ადგილზე შეკრებილები იყვნენ ირაკლი კაკაბაძე, სანდრო გირგვლიანის მამა , დაჩი ცაგურია და კიდევ რამდენიმე პირი, რომელებიც სასამართლო დარბაზიდან გამოსულ დათა ახალაიას ადვოკატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ირაკლი კაკაბაძემ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს შეაფურხა. თუმცა ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია და ვითარება მალევე განიმუხტა.
"ფურთხის ღირსია ეს კაცი და მიიღო კიდეც", - განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ.
ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმაც გააკეთა. მისი თქმით, პროტესტი სანდრო გირგვლიანის ახლობლების მხრიდან გამოიწვია ზაქარეიშვილის განცხადებამ, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბუხაიძეს ადანაშაულებს.
"სირცხვილია მსგავსი განცხადებები, გამოდის ეს კაცი და იძახის ერთი და იგივეს. პრეზიდენტმაც კი აღიარა ეს მკვლელობა და სირცხვილია, როდესაც ეს ადამიანი ბუხაიძეს სდებს ბრალს. მალე ალბათ იტყვიან, რომ მე მოვკალი ჩემი შვილი", - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.
გირგვლიანის პროცესი ვანო მერაბიშვილის ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო 28 აპრილს განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები






