ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ აძვის მოსახლეობა სალოცავების გარეშე დარჩა. საოკუპაციო რეჟიმმა აძვში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრები დაამონტჟა, რომლის შედეგად სოფლის მოსახლეობას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მისვლა ეკრძალებათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ პირობითი საზღვრის იქით წმინდა გიორგის ეკლესია მოჰყვა.
სოფლის მცხოვრები სოფელში არსებულ სხვა პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, სოფელში არ არის სკოლის შენობა, გაზიფიცირება, ინდივიდუალური გამრიცხველიანება, სასმელი და სარწყავი წყალი. ადგილობრივები ხელიუსფლებისგან დროულ ყურადღებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობანის გადაკეტვით იმუქრებიან.
ასევე მათი თქმით, „ყოველდღიურად შიშის ქვეშ გვიწევს ცხოვრება. რუსული ვერტმფრენები ჩვენი სოფლის თავზე დაფრინავენ. ამ ყველაფერთან ერთად სალოცავები დავკარგეთ. იმ შემთხვევაში თუ მივალთ ჩვენი სოფლის სალოცავებამდე, რუსები ჩასაფრებულები არიან და ცხინვალის ციხეში წაგვიყვანენ. ამ ყველაფრის ფონზე ხელისუფლება ჩვენს მიმართ უყურადღებობას იჩენს. უპატრონოდ ვართ მიტოვებული. მოვითხოვთ ამ პრობლემების მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტობანს გადავკეტავთ“,- აცხადებს „ნიუპოსტთან“ საუბრისას ადგილობრივი მაყვალა ბალამწარაშვილი.
სოფელ აძვს ოსური სოფელი აძვისთავი ესაზღვრება. ამ სოფლიდან კარგად ჩანს რუსეთის მიერ აშენებული სამხედრო ბაზები. ადგილობრივების თქმით, რუსული სამხედრო ვერტმფერენები ხშირად დაფრინავენ სოფლის თავზე და მათ შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
გიორგი ახალკაცი, გორი, "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






