ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზეთის საზღვრის დარღვევის ბრალდებით ოკუპანტებმა ორი ადგილობრივი დააკავეს.
აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. დაკავებულები სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჰყავთ გადაყვანილი, თუმცა მათი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
„სოფელ ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გელა თორიასა და ტარიელ ბერიას დაკავება მოხდა. დე ფაქტო აფხაზეთის მხრიდან მივიღეთ დასტური, რომ ეს მოქალაქეები იყვნენ დაკავებული ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო“,– განაცხადა შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა.
აღსანიშნავია, რომ დღესვე რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ვერტმფრენი აფხაზეთის მხრიდან შემოფრინდა და სოფელ ხურჩის თავზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იფრინა.
მასალის გამოყენების პირობები






