სამშაბათს, უკრაინელმა პარლამენტარებმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ტურჩინოვის წინადადება, სეპარატიზმისათვის თავისუფლების აღკვეთის 15 წლამდე გაზრდის შესახებ, დააკმაყოფილეს.
ტურჩინოვმა ეს იდეა წამოაყენა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში ადმინისტრაციების შენობებში შეჭრის შემდეგ, რასაც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა „რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის მეორე ტალღა“ უწოდა.
რადაში კანონის განხილვის ფონზე ჩხუბი მოხდა. ამის მიზეზი, უკრაინის კომპარტიის მეთაურის, პრეზიდენტობის კანდიდატის პიოტრ სიმონენკოს სიტყვით გამოსვლა გახდა. სიმონენკომ კიევის ახლანდელი ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთში დაძაბულობის შექმნაში დაადანაშაულა.
„თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რათა ადმიანები დააშინოთ, აპატიმრებთ ხალხს, ბრძოლა გამოუცხადეთ განსხვავებულ აზრს“, - განაცხადა სიმონენკომ ტრიბუნიდან, რის შემდეგაც ის ტრიბუნიდან გააძევა ნაციონალისტური პარტიის „სვობოდას“ წარმომადგენელმა. ცოტა ხნის შემდეგ მოჩხუბრები გააშველეს.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






