საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პირადი მძღოლი მამუკა ქუსიკაშვილი მის დაკითხვას ითხოვს. მისი განმარტებით პროკურატურამ დაკითხვაზე 28 მარტს დაიბარა, თუმცა ის ამ დრომდე არ დაკითხულა. ქუსიკაშვილი ვარაუდობს, რომ მას სავარაუდოდ ექს–პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების დღეს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დაკითხავენ.
„5 წლის წინ თურქეთში გადავედი საცხოვრებლად, დაახლოებით სამი წელია, საქართველოში არ ჩამოვსულვარ, მაგრამ ახლა კონკრეტულ საქმეზე ჩამოვედი. როდესაც უკან წასვლას ვცდილობდი, საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მომცეს. ცოტა ხანში დამიკავშირდა გამომძიებელი გიორგი ლომთაძე და მითხრა, რომ 3 საათზე 28 მარტს პროკურატურაში უნდა გამოვცხადებულიყავი. მე თურქეთიდან ვადევნებ აქ მიმდინარე მოვლენებს თვალს და ვისმენ მედიასაშუალებების მეშვეობით, დაბარებულ მოწმეებს რასაც უშვრებიან, ამიტომ ავიყვანე ადვოკატი და გამომძიებელს დავუკავშირდით, მან კი განგვიცხადა, რომ აღარ ეცალა და როცა მოიცლიდა, თავად დაგვიკავშირდებოდა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და არ დამკავშირებია არავინ, არც ქვეყნის დატოვების საშუალებას მაძლევენ, თურქეთში კი სამსახური მაქვს, ინვალიდი მეუღლე მყავს და უამრავი პრობლემა მაქვს. ყველაფერს ვკარგავ. მოვითხოვ, დამკითხონ და მომცენ ქვეყნის დატოვების საშუალება“– განაცხადა ქუსიკაშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






