სამართალდამცავმა ორგანოებმა ხარკოვში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს და სეპარატიზმში ეჭვმიტანილი 70 პირი დააკავეს.
„ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა ღამით შეჭრილებისაგან გაწმენდილია. დაპატიმრებულია დაახლოებით 70 სეპარატისტი. ოპერაცია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების გარეშე ტარდებოდა“, - წერს უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ოპერაციის მსვლელობისას გადაკეტეს ხარკოვის ცენტრი და დახურეს მეტრო. დაკავებები განახორციელა სპეცდანაყოფმა „იაგუარმა“. ოფიციალური მონცემებით, დაშავებულები არ არიან.

დონეცკში, სადაც ორშაბათს, პრორუსმა დემონსტრანტებმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ გამოაცხადეს, უკრაინელმა ოლიგარქმა რინატ ახმეტოვმა, ღამით, საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის დაკავებულ შენობაში, პროტესტის მონაწილეებსა და შსს-ს შორის მოლაპარაკებებს უხელმძღვანელა, რათა, მისი თქმით, თავი აეცილებინათ მილიციის მიერ შენობის შტურმისათვის.
უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში, ქვეყნის დანარჩენი ნაწილებიდან, მილიციის დამატებითი სპეცქვედანაყოფები ჩავიდნენ.
„ეს სპეცქვედანაყოფები მზად არიან გადაწყვიტონ ოპერატიული ამოცანები მიუხედავად ადგილობრივი ნიუანსებისა“, - თქვა ავაკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს უკრაინის მილიციის სპეცქვედანაყოფების გადაადგილების გამო. უწყებაში თვლიან, რომ ძალოვანებს შორის არიან „მემარჯვენე სექტორის“ მებრძოლები“.
„მათ მიზნად დასახული აქვთ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კიევის ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი, ძალისმიერად ჩაახშონ“, - აცხადებს ლავროვის უწყება „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.
სამშაბთს ღამით, უკრაინულმა მილიციამ ხარკოვში სატელევიზიო ანძაზე კონტროლი დაიბრუნა, რომელიც მანამდე რამდენიმე ათეულმა პრორუსმა აქტივისტმა დაიკავა.
ბიბისის მასალებზე, მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






