უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ამჟამად, პრეზიდენტობის კანდიდატი, იულია ტიმოშენკოს აზრით, დონეცკის კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შესაძლებელია.
მისი თქმით, დონეცკში მშვიდი ვითარებაა შენარჩუნებული და გამონაკლისია მხოლოდ ადმინისტრაციული შენობა, რომელიც შეიარაღებულ სეპარატისტებს აქვთ დაკავებული.
ამის შესახებ ტიმოშენკომ დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ყველა ადამიანი, ვისაც მე დონეცკში ვესაუბრე, ამბობს, რომ მშვიდობიანად ცხოვრება სურთ და უნდათ, რომ მათ პატივს სცემდნენ. 100 პროცენტიანი მზადყოფნაა იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის კერები სულ მალე მშვიდობიანი, კანონიერი გზებით ლიკვიდირებული იქნება", - განაცხადა იულია ტიმოშენკომ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიით არ იმოქმედებს. როგორც ტიმოშენკომ განაცხადა, უკრაინას სურს ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.
"ჩვენ ვთვლით, დღეს, სამშვიდობო და მშვიდი პოლიტიკა იმის გარანტი იქნება, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ყირიმს და უკრაინის ბედს თვითონ უკრაინელები გადაწყვეტენ",- აღნიშნა ტიმოშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






