უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში, იარაღით ხელში, ადმინისტრაციული შენობების აღების განმახორციელებელი სეპარატისტების მიმართ, ანტიტერორისტული ღონისძიებები გატარდება.
„დღეს ღამით შეიქმნა ანტიტერორისტული შტაბი, ხოლო მათ წინააღმდეგ, ვინც ხელში იარაღი აიღო, ანტიტერორისტული ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა ტურჩინოვმა ტელემიმართვაში 7 აპრილს.
მისი თქმით, „იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი სტრუქტურა პასიურად მოქმედებს, ისინი შეივსებიან სხვა რეგიონების ქვედანაყოფების ხარჯზე“.
„გუშინ დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის მეორე ტალღა, რომლის მიზანიც სახელმწიფოში სიტუაციის დესტაბილიზაცია, უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდება, არჩევნების ჩაშლა და ჩვენი ქვეყნის ნაგლეჯებად ქცევაა. რუსული სპეცსამსახურების მიერ კოორდინირებულმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა ხარკოვში საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს, ადმინისტრაციის შენობა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დონეცკში, ასევე - უსაფრთხოების სამსახურის შენობა ლუგანსკში. რაც განსაკუთრებით სახიფათოა, მათ ხელში იარაღი აიღეს. ყველაფერი ეს, ჩვენ საზღვრებთან რუსული ჯარების ყოფნისას ხდება“, - იტყობინება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
„უკრაინის მტრები ყირიმის სცენარის გათამაშებას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ტურჩინოვმა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






