პროკურატურა - თათუხაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მისი გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა
სამართალი - 22:01, 04 Apr, 2014     3419
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნა მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპერტიზის დასკვნით არსებული დაზიანებები გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა და თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა.
"მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არ არის ვალდებული გამოძიების შუალედურ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროოს, თუმცა საზოგადოებაში ამ საქმისადმი არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება გავასაჯაროვოთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ვფიქრობთ, რომ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

საგულისხმოა ისიც, რომ როგორც გამოძიებით დგინდება, მთავარი პროკურატურის თანამშრომლებს აწგარდაცვლილი მოწმე შალვა თათუხაშვილი ფიზიკურად აღარ უნახავთ 18 მარტის შემდეგ, პარალელურ რეჟიმში გარდაცვლილის ოჯახის დამცველი აცხადებს, რომ მათთვის არ არის საინტერესო შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი, რაც მთავარი პროკურატურის აზრით ისევ პოლიტიკური სპეკულაციის მიზანს ემსახურება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #001435914 დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ შალვა თათუხაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე. გვამის გამოკვლევის მონაცემით (24.03.2014 წ. 05:00 სთ) მისი სიკვდილის დადგომიდან გასულია დაახლოებით 4-6 საათი, ანუ ექსპერტიზით დგინდება, რომ შ.თათუხაშვილის გარდაცვალების დრო არის 2014 წლის 23 მარტის დაახლოებით 23:00 საათი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე დადგინდა, რომ ეთილის სპირტის შემცველობამ გარდაცვლილის სისხლში შეადგინა 5 პროცენტი, შარდში ეთილის სპირტის რაოდენობამ 5,63 პროცენტს მიაღწია, ასევე შალვა თათუხაშვილის სისხლსა და შარდში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის შემდეგი ნივთიერებები - დიაზეპამი, ნორდაზეპამი და ტემაზეპამი.

ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდა ყველა სათანადო პროცედურის დაცვით, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებიდან 4-6 საათის განმავლობაში. გვამის ფოტოგრაფირება მოხდა ექსპერტის მიერ სწორედ გვამის დათვალიერებისას, ფოტოსურათები დაერთო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. გვამის დათვალიერების ოქმი შედგენილია გამომძიებლის მიერ, ექსპერტის, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის და შ.თათუხაშვილის სიძის კ.ელიზბარაშვილის თანდასწრებით, სადაც დაფიქსირებულია გვამზე არსებული დაზიანებები და ოქმის სისწორე დადასტურებულია ყველა ზემოხსენებული პირის ხელმოწერით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება შ.თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები და მათი ხანდაზმულობა, კერძოდ: ნაჭდევი მარცხენა წინამხრის მიდამოებში - ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე; ნაჭდევი მარჯვენა მტევნის პირველი თითის მიდამოებში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 6-7 დღით ადრე; ნაჭდევი წელის არეში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე. სისხლჩაქცევა წელის მიდამოებში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში-23 მარტს; ნაჭდევი ორივე ფეხის მუხლის სახსარზე, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე; ნაჭდევი მარცხენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის არეში, ხანდაზმულობა სიკვდილამდე 1-2 დღით ადრე; ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ყველა დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილის სხეულს, არის მსუბუქი კატეგორიის და არანაირი კავშირი არ აქვს სიკვდილის დადგომასთან, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით მითითებულია, რომ დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და დამდგარ შედეგთან ანუ სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში არ არის. ყველა დაზიანება არის სიცოცხლის დროინდელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ შ.თათუხაშვილი თბილისის პროკურატურაში ნამყოფი არის ორჯერ 24 თებერვალსა და 18 მარტს, ხოლო იგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა 23 მარტს.


ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ გვამზე არსებული მსუბუქი ხარისხის დაზიანებები თეორიულადაც კი დროში არ ემთხვევა მისი პროკურატურაში ყოფნის პერიოდს, გარდა მისი მარჯვენა ხელის ცერა თითზე არსებული მცირე ზომის დაზიანებისა და შესაბამისად დადასტურდა ის ფაქტი, რომ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია შ.თათუხაშვილის წამებას და მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. მთავარი პროკურატურა ასევე საჯაროს ხდის მტკიცებულებებს იმის შესახებ, თუ სად იმყოფებოდა შ.თათუხაშვილი მას შემდეგ, რაც მან 18 მარტს დატოვა თბილისის პროკურატურის შენობა. ჩვენს მიერ მანამდე გავრცელებულ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, რომ პროკურატურიდან შ.თათუხაშვილი გაემართა საკუთარ მეუღლესთან გაგარინის მოედანზე. ასევე 18 მარტიდან გარდაცვალებამდე შ.თათუხაშვილმა რამოდენიმეჯერ დაურეკა გამომძიებელ დ.ძნელაშვილს, კერძოდ საქმეზე ამოღებული გ.თათუხაშვილის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული ზარების დეტალური ამონაწერით დგინდება, რომ 2014 წლის 19 მარტს 10:33 საათზე თელეთის ანძიდან, 23 მარტს, 16 საათსა და 29 წუთზე ასევე თელეთის ანძიდან შალვა თათუხაშვილი ურეკავს გამომძიებელ ძნელაშვილს, თათუხაშვილის მხრიდან კონტაქტზე ძნელაშვილთან გასვლა კი თავის მხრივ, სხვა გარემოებებთან ერთად გამორიცხავს ოჯახის ინტერესების დამცველებისა და ახალაიების ოჯახის წევრების განცხადებებს რომ აწგარდაცვლილი თითქოს გამომძიებელმა ძნელაშვილმა აწამა.
ძნელაშვილის განცხადებით ირკვევა, რომ პირველი ზარის დროს შალვა თათუხაშვილმა მას შეატყობინა სახლში ყოფნის შესახებ, ხოლო მეორე ზარის დროს მეორე დღისთვის შეხვედრა დაუთქვა.


ასევე დგინდება, რომ შ.თათუხაშვილმა 21 მარტს განცხადება შეიტანა მის სახლთან ახლოს მდებარე თელეთის პოლიციის განყოფილებაში მისი ვეტერანის მოწმობის დაკარგვის შესახებ, ხოლო შ.თათუხაშვილის გვამი აღმოჩენილი იქნა საკუთარ სახლში ოჯახის წევრების მიერ. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულით დგინდება, რომ იგი 18 მარტიდან გარდაცვალებამდე პერიოდში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მიღებული აქვს დაზიანებები, იმყოფებოდა საკუთარ სახლში თელეთში. გარდა ამისა, საყურადღებოა ის, რომ ოჯახის ადვოკატის მიერ მედიით გავრცელებული ფოტოები განსხვავდება ექსპერტის მიერ გვამის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოებისგან, რისი მიზეზი არის ის, რომ ი.ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებული ფოტოები გადაღებულია არაპროფესიულ გარემოში, გარდაცვალებიდან 4-5 დღის შუალედში, შესაბამისად დროის გასვლის გამო ის დაზიანებები რომელიც აღენიშნებოდა გარდაცვლილს ვიზუალურად, გამოიყურება გაცილებით მძაფრად, რაც გამოწვეულია გარდაცვლილის სხეულზე გვამური ლაქების გამუქებით. ამიტომ ვთვლით, რომ მათი ტირაჟირება ისევ და ისევ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.


გარდა ამისა, მთავარ პროკურატურას სურს პოზიცია დააფიქსიროს დაცვის მხარის მიერ გავრცელებულ ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ვერ იქნება კატეგორიული, ვინაიდან, ექსპერტი დასკვნას ადგენს, მხოლოდ ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული შ.თათუხაშვილის გარდაცვალებიდან 4-5 დღის შემდეგ გადაღებულ ფოტოებზე და გარეგანი დათვალიერების ოქმზე დაყრდნობით, ყოველგვარი გვამის, სამედიცინო დოკუმენტაციის და ბიოლოგიური მასალის ანაზლისა და გამოკვლევის გარეშე, მაშინ როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტების, გვამის ან ცოცხალი პირის შემოწმების საფუძველზე", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42