თეა დემეტრაშვილის საქმე, ქალბატონი რომელმაც ,,კონსტანტა ბანკის“ გამო თვიმკვლელობა სცადა, რამდენიმე ხნის წინ "ნიუპოსტს“ თავად დაუკავშირდა. თეა დემეტრაშვილმა საინფორმაციო დახმარება იმის გამო ითხოვა, რომ მის ოჯახს ბანკი ბინიდან გამოძევებით ემუქრებოდა.
საქმის გახმაურებას მალევე მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, საქმეში ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია და დემეტრაშვილების ოჯახის პრობლემა სასამართლო განხილვის საგანი გახდა.
„17 იანვარი იყო როცა ბანკმა დაგვიბარა ჩემი ბინების გამოსყიდვაზე უნდა გვესაუბრა.მე ზურაბ აბაშიძის შუამდგომლობის წერილიც მივიტანე სადაც ეწერა, რომ გონივრული დადაწყვეტილება მიეღო ბანკს რათა, გაეთვალისწინებინათ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა - ინვალიდობა. იქ გამოსყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალეკო თედიაშვილი და მისი მოადგილე მაია ბაბუნაშვილი დაგვხვდნენ, ალეკო თედიაშვილმა 3 ფურცელი შემოიტანა, სადავ კალკულაცია ჰქონდა გაკეთებული თუ რამდენ ლარში ან დოლარში უნდა მოესყიდათ უკან ჩვენი ბინები. მოგახსენებთ, რომ ჩემი ავადმყოფობის გამო დიდ სტრესზე ვკარგავ გონს, რაც მათ ერთხელ უკვე ნანახი ქონდათ ამავე ბანკში. ჩვენი ბინები მათ შესყიდული ჰქონდათ ერთი 25 000 ლარად, მეორე 21 000 და მესამე კი 12 000 დოლარად. მაგრამ გამოსასყიდი თანხა სამივე ბინის ერთად დაგვისახელა 100 000 დოლარი, რის შედეგადაც გავხდი ცუდად.
"კონსტანტა" ბანკიდან უსაფრთხოების დეპარტამენტიდან ვიღაც კაცი იყო მოსული, მან გამომძიებელი კუთხეში დააყენა, შალვა სიყმაშვილი და ჩუმად ეუბნება, ეგონა რადგან ცუდად ვიყავი გონება არ მქონდა იმდენი, რომ ეს მომესნმინა და ეუბნება: ,,ეხლა ისე უნდა გააკეთო, რომ ესენი სასამართლომდე მიიყვანო და ჩამოგვაშოროოო..
აღძრეს საქმე ჩემს მეუღლეზე სხვისი ნივთის დაზიანება. დაზარალებულები ორმაგად დაგვაზარალეს. თქვენმა სტატიამ მიშველა. მათ წაიკითხეს, არ მოეწონათ გამოაშკარავდნენ დაგვიბარეს და იმ კოლოსალურ თანხას 45 000 ლარი მოაკლეს.
მაგრამ რაც დარჩა ეს არაფერია, თუ რეალურ თანხებზე არ წამოვლენ ბევრ რამეში ვამხილებ კიდევ, რასაც კიდევ ჩემთვის ვინახავ..
პოლიცია და ბანკი ერთად მოქმედებენ, თან მე მითხრა გამომძიებელმა, რომ ჩემი ჩვენება არ იყო საჭირო, რადგან პროკურორი თურმე არ წაიკითხავდა, მე ჩვენება მაინც ძალით დავაწერინე, ეხლა ამ თემით გვემუქრებიან, რადგან მეუღლეზე აქვთ აღძრული საქმე.
ამ საქმეში ძალიან დამეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ და მისი თავმჯდომარე, მუხრან ბურჭულაძე“,- აცხადებს თეა დემეტრაშვილი.

„ნიუპოსტი“ თეა დემეტრაშვილის საქმით დაინტერესდა და მუხრან ბურჭულაძეს დაუკავშირდა.
ბურჭულაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთოს.
„პროკურატურას განცხადება უკვე წარედგინა ამის თაობაზე. ანუ უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, ოღონდ მაშინ ეს ქონება სხვა პირის საკუთრებას წარმოადგენდა. როდესაც ქონება გადავიდა ახალი მესაკუთრის ანუ დაზარალებული თეა დემეტრაშვილის საკუთრებაში, ბანკი დაუკავშირდა ძველ მესაკუთრეს, გასცა მასზე ახალი სესხი და უზრუნველყოფის საგანი ისევ ეს ქონება გახადა ანუ სულ სხვა მესაკუთრის. შესაბამისად უძრავი ნივთი განკარგა ბანკმა რეალური მესაკუთრის თანხმობის გარეშე - ამით დაირღვა დემეტრაშვილის საკუთრების უფლება. ვინაიდან დემეტრაშვილი მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება მან ვერ გააგრძელა ვალის გადახდა. გაიზარდა დავალიანება. ბანკმა ქონება გაიტანა აუქციონზე და თავად შეიძინა. ბანკის მიერ ქონების დაუფლების შემდგომ საურავები კიდევ გაზარდა „კონსტანტამ“, რაც პირდაპირ კანონდარღვევაა“,- განაცხადა ბურჭულაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, მიუხედავად დემეტრაშვილის ქონების გამოსყიდვის შესახებ ინიციატივისა, ბანკი გადასახდელ თანხებს მაინც ზრდის.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ბანკმა ამ პრობლემის გასაჯაროების შემდეგ დემეტრაშვილს გარკვეული გადასახდელი თანხა შეუმცირა, რაც გაუგებარია ან რატომ იყო გაზრდილი და შესაბამისად ჩნდება ბევრი კითხვა“,- აღნიშნავს ორგანიზაციის თავმჯდომარე.
ბურჭულაძის განცხადებით, მათ საქართველოს პარლამენტს მიმართეს, საიდანაც მისივე თქმით, სრულიად უპასუხისმგებლო პასუხი მიიღეს.
„როგორც ჩანს მათ ცალკეული მოქალაქეების გაჭირვება არ ადარდებთ. ამჟამად განცხადება პროკურატურაშია წარდგენილი და იმედი მაქვს გამოძიება მიმდინარეობს. ჩემი მიზანია ამ ოჯახს დახმარება აღმოვუჩინო და მსგავს გასაჭირში მყოფ მოსახლეობას გვერდით დავუდგე. ეს ჩვენი ვალდებულებაა მითუმეტეს მაშინ როდესაც ხელისუფლება უბრალოდ უუნაროა“, - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






