ზბიგნევ ბჟეზინსკი, ეროვნულ უსაფრთხოებაში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯერ კიდევ ჯიმი კარტერის დროს (1977-1981) იყო და ცივი ომის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფიგურას წარმოადგენდა.
პროგრამა ბი-ბი-სი Today-მ ზბიგნევ ბჟეზინსკის ჰკითხა, თუ რა გზას უნდა მიმართოს დასავლეთმა, თუ რუსეთი მართლა დაიწყებს უკრაინაში სამხედრო შეჭრას?
ბჟეზინსკი: ვფიქრობ, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად სერიოზულ წინააღმდეგობას გაწევენ უკრაინელები. თუ იქნება წინააღმდეგობა, მაშინ, პირველ რიგში, დასავლეთის სიმპათია მთლიანად მათ მხარეს იქნება. მეორე მხრივ კი, დასავლეთი სერიოზული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება: მას მოსთხოვენ მყარი პოზიცია დაიკავოს - როგორც რუსეთთან მიმართებაში, ასევე უკრაინის მხარდასაჭერად.
ბი-ბი-სი: რა იგულისხმება „მყარ პოზიციაში“, და რატომ არ დაიჭირეს ის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პასუხად?
ბჟეზინსკი: ვფიქრობ, რომ ყირიმის პრობლემა არატიპიურია, რადგან ყირიმი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეცა. და, როგორც აღვნიშნე, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, გაწევენ თუ არა წინააღმდეგობას უკრაინელები. მე ვფიქრობ, გაწევენ. და ეს დასავლეთს ჩააყენებს სიტუაციაში, როდესაც მას გაუჭირდება გვერდიდან მაყურებელ უბრალო დამკვირვებელთა თავყრილობად დარჩენა.
ბი-ბი-სი: მაგრამ რუსეთს თავისი არგუმენტები აქვს: არაა საჭირო ცივი ომი იმისათვის, რომ მიხვდეტ, რომ რუსეთს თავისი ინტერესების ზონა აქვს. რუსეთს იმედი აქვს, რომ დასავლეთი ამას გაიგებს და თავის სამხედრო ძალას არ მიუახლოვებს მის საზღვრებს, არ მიიზიდავს ამ ზონებს ტავის კავშირებში. აქვს რუსეთს ასეთი არგუმენტების საფუძველი?
ბჟეზინსკი: ვფიქრობ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ ინტერესთა ზონებში. რა თქმა უნდა, არ შეიძლება რეალობის იგნორირება, განსაკუთრებით როდესაც საქმე ცივილიზებული ფორმით იმართება. მაგრამ თუ ამ ინტერესთა ზონაში ძალა გამოიყენება - ამ ზონის სუბიექტის სურვილების საფუძველზე, მაშინ, ასეთი პოზიცია, ჩემი აზრით, არ არის გამართლებული. თქვენ იცით, როდსაც ჰიტლერი ავსტრიაში შევიდა, თითქოს, ავსტრიელების უმრავლესობამ ანშლუსი პასიურად აღიქვა და მას მიესალმებოდნენ კიდევაც. ჰიტლერი ხაზს უსვამდა, რომ ისინი ყველანი გერმანულად საუბრობენ და ამიტომ გერმანელები არიან. ვფიქრობ, ყირიმის დაპყრობასა და ამ ისტორიას შორის ბევრი საერთოა.
ბი-ბი-სი: თქვენ ცივი ომისას პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი იყავით. რამდენად გამართლებულია მაშინდელი სიტუაციის დღევანდელობასთან შედარება?
ბჟეზინსკი: ფფიქრობ, რომ ახლა კრიზისი იმ დონეზე არ ასულა. ბოლოს და ბოლოს, ეს იყო დრო, როდესაც აშშ-ს და რუსეთს ერთმანეთისაკენ მიმართული ჰქონდათ თავისი ატომური რაკეტები და შეეძლოთ ერთმანეთი რამდენიმე საათში გაენადგურებინათ. მაგრამ ახლა სიტუაცია შემაშფოთებელია, ის შეიძლება გამწვავდეს. და სწორედ ამიტომ, ჩვენ დროში, არ უნდა იყოს ძალის გამოყენების შეუზღუდავი შესაძლებლობები საკუთარი მიზნის მისაღწევად. ვფიქრობ, ეს არის ურთიერთდაკავშირებული მსოფლიოს არსებობის ძირითადი პრინციპი.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






