ირაკლი ზაქარეიშვილი გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმეზე შედგენილ ოქმს აქვეყნებს.
ზაქარეიშვილი თქმით, ოქმი იმის დასადასტურებლად არის შედგენილი, თითქოს შალვა თათუხაშვილმა თანხმობა განაცხადა მოწმის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვაზე. სინამდვილეში კი თათუხაშვილს ოქმზე ხელი მოწერილი არ აქვს.
„ვასაჯაროვებ ოქმს, რომელიც შედგენილია გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ იმის დასადასტურებლად, თითქოს შალვა თათუხაშვილმა თანხმობა განაცხადა მოწმის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩართვაზე. ხსენებული ოქმი ხელმოწერილია გამომძიებელ დავით ძნელაშვილის მიერ, ხოლო "დასაცავი პირის" შალვა თათუხაშვილის ხელმოწერა ოქმზე არ აღინიშნება. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში მოწმის ჩართვას – დასაცავი პირის თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობა შალვა თათუხაშვილს მიცემული არ აქვს. ზემოაღნიშნულით როგორც მინიმუმ დასტურდება, რომ განხორციელდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია, რაც გამოყენებული იქნა შალვა თათუხაშვილისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესანიღბად (დანაშაულები გათვალისწინებული საქ. სსკ–ის 143–ე მუხლის მე–4 ნაწილით; 333–ე მუხლის მე–3 ნაწილით; 335–ე მუხლის მე–2 ნაწილით; 369–ე პირველი პრიმა მუხლის მე–3 ნაწილით).
დააკვირდით, ოქმზე გამომძიებლ დ. ძნელაშვილის ხელმოწერის კალიგრაფიული სტილი არ შეიცავს მისი გვარ–სახელის შემადგენელი ასოების კომპონენტებს და ხელმოწერის გრაფილული მოცემულობა წარმოადგენს პენტაგრამას,“- წერს ზაქარეიშვილი.
ნინო დათაშვილი

მასალის გამოყენების პირობები






